რიკი ჰიკმანის 18 ქულა ისრაელის ჩემპიონატში. თელ ავივის „მაკაბის“ ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა მორიგ ტურში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ თავისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.
ებრაული კალათბურთის უცვლელი ფლაგმანი “მაკაბი” წლეულს დიდი კონკურენციის ქვეშაა – იერუსალიმის „ჰაპოელი“ გვარიანად მომძლავრდა და გასულ ტურში „მაკაბის“ ძლევით მას ცხრილის სათავეში შეუწყვილდა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი „მაკაბის“ მოედანზე გაიმართა, თელავიველებმა უშანსოდ წააგეს. ყოფილი მაკაბელის, იოთამ ჰალპერინის ლიდერობით იერუსალიმელებმა 93:65 იმარჯვეს. „მაკაბის“ რიგებში 18 ქულით საუკეთესო რიკი ჰიკმანი იყო, რომელმაც სასტარტო ხუთეულში, მთლიანობაში 28 წუთი ითამაშა.
ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად ჰიკმანმა 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სოფოკლის შორცანიტისმა თელავიველებს 10 ქულით და 4 მოხსნით შეეწია.
ამ გამარჯვების შემდეგ იერუსალიმის „ჰაპოელი“ ცხრილის სათავეში „მაკაბის“ გაუთანაბრდა და ახლა ორივეს 19 მოგება და 5 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს ჰიკმანის გუნდი 30 მარტს, სტუმრად ჰაიფის „მაკაბისთან“ გამართავს.