ჰიკმანის 18-მა ქულამ “მაკაბი” მარცხისგან ვერ იხსნა

ჰიკმანის 18-მა ქულამ “მაკაბი” მარცხისგან ვერ იხსნა

რიკი ჰიკმანის 18 ქულა ისრაელის ჩემპიონატში. თელ ავივის „მაკაბის“ ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა მორიგ ტურში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ თავისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.
ებრაული კალათბურთის უცვლელი ფლაგმანი “მაკაბი” წლეულს დიდი კონკურენციის ქვეშაა – იერუსალიმის „ჰაპოელი“ გვარიანად მომძლავრდა და გასულ ტურში „მაკაბის“ ძლევით მას ცხრილის სათავეში შეუწყვილდა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი „მაკაბის“ მოედანზე გაიმართა, თელავიველებმა უშანსოდ წააგეს. ყოფილი მაკაბელის, იოთამ ჰალპერინის ლიდერობით იერუსალიმელებმა 93:65 იმარჯვეს. „მაკაბის“ რიგებში 18 ქულით საუკეთესო რიკი ჰიკმანი იყო, რომელმაც სასტარტო ხუთეულში, მთლიანობაში 28 წუთი ითამაშა.
ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად ჰიკმანმა 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სოფოკლის შორცანიტისმა თელავიველებს 10 ქულით და 4 მოხსნით შეეწია.
ამ გამარჯვების შემდეგ იერუსალიმის „ჰაპოელი“ ცხრილის სათავეში „მაკაბის“ გაუთანაბრდა და ახლა ორივეს 19 მოგება და 5 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს ჰიკმანის გუნდი 30 მარტს, სტუმრად ჰაიფის „მაკაბისთან“ გამართავს.