საქართველოში 18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ელიტურ, A ლიგას და სწორედ აქედან უნდა გამოვლინდეს ქვეყნის ჩემპიონი. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობს 14 გუნდი — ორბი, მართვე, მეგა, აკადემია, ჰიუნდაი, ქუთაისი, ვინგსი, ლეველ აფო, აჭარის ნაკრები, ზფა (ზაზა ფაჩულიას აკადემია), ვსა, რუსთავი, თბილისი ბასკეტი და ბრუკლინი — რომლებიც ერთიან ჯგუფში იასპარეზებენ. ორწრიანი რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საუკეთესო 8 გუნდი პლეი-ოფში გავა, ხოლო სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილებზე გასულები ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ.
დღეს 18-წლამდელთა ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა ყველა გუნდმა მიიღო. შეხვედრებიდან 3 ჩატარდა თბილისი არენაზე, 3 — დიღმის არენაზე, ხოლო 1 მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა. საქმეში ძლიერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ტური საკმაოდ შედეგიანად წარიმართა: „ორბმა“ მძიმე ბრძოლაში 86:73 სძლია „მართვეს“, ხოლო „აკადემიამ“ დიდი სხვაობით, იოლად 110:87 დაამარცხა „მეგა“. „ჰიუნდაიმ“ 99:77 აჯობა „ქუთაისს“, ხოლო „ვინგსმა“ „ლეველ აფოს“ შანსი არ დაუტოვა და 109:81 მოუგო. ბათუმში გამართულ შეხვედრაში „ზფამ“ (ზაზა ფაჩულიას აკადემია) სტუმრად 82:57 დაამარცხა აჭარის ნაკრები, „რუსთავმა“ კი დაძაბულ ბრძოლაში 89:87 აჯობა ვსა-ს (ვიქტორ სანიკიძის აკადემია). ტურის ბოლო მატჩში „ბრუკლინმა“ მჭიდრო პაექრობაში 79:70 მოუგო „თბილისი ბასკეტს“.
ტურიდან აუცილებლად გამოსარჩევია 16 წლის ახალგაზრდა, თუმცა ძალიან მებრძოლი და შეუპოვარი ანდრია ჭკადუა, რომლის გუნდმაც, „ვინგსმა“, „ლეველ აფს“ შანსი არ დაუტოვა. ასაკობრივი ნაკრების უკანახაზელმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა და წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა — მან მატჩში 11 სამქულიანი ჩააგდო (16 მცდელობიდან, 69%). განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი თამაში მესამე პერიოდში, სადაც მან თავი 6 ზუსტი სამქულიანითა და 20 ქულით გამოიჩინა. მთლიანობაში ანდრია ჭკადუამ მატჩი 37 ქულით (2-ქულიანი: 2/4, 3-ქულიანი: 11/16), 3 პასით, 2 ჩაჭრით და 33 მარგი ქმედების კოეფიციენტით დაასრულა.
18-წლამდელთა ელიტარული A ლიგა აქტიურ ფაზაში შედის და გუნდებს მოსასვენებლად დიდი დრო არ აქვთ — მეორე ტურის შეხვედრები უკვე მომავალ კვირაში, 21-22 ოქტომბერს გაიმართება. 21 ოქტომბერს ერთმანეთს „რუსთავი“ და „ორბი“, „აკადემია“ და აჭარის ნაკრები, „ბრუკლინი“ და „მეგა“, ასევე „მართვე“ და „თბილისი ბასკეტი“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 22 ოქტომბერს ტური „ვინგსისა“ და აჭარის ნაკრების, ქუთაისისა და ვსა-ს მატჩებით დასრულდება.