მწვრთნელთა ლიცენზირებისა პროგრამის პირველი ეტაპის გამოცდები დასრულდა

მწვრთნელთა ლიცენზირებისა პროგრამის პირველი ეტაპის გამოცდები დასრულდა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით, „მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების განახლებული პროგრამის“ ფარგლებში მორიგი საგამოცდო ეტაპი გაიმართა. გასულ დღეებში ჩატარებულ ოთხდღიან გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს იმ მწვრთნელებმა, რომლებმაც პირველ ეტაპზე C კატეგორიის სერტიფიკატის მოსაპოვებლად საჭირო ბარიერი ვერ გადალახეს, ასევე იმ მსურველებმა, რომლებსაც გამოცდების ახლიდან ჩაბარება სურდათ.
საგამოცდო პროცესში 80-ზე მეტი მსურველი ჩაერთო. მწვრთნელების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გამოცდილი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საგამოცდო კომისია აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გელა წულაძე,  ნოდარ ავალიშვილი და დავით უსტიაშვილი შედიოდნენ. გამოცდების საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი ჯერ კიდევ მარტის თვეში დაიწყო, როდესაც ოლიმპიურ სასახლეში 5 დღის განმავლობაში (12, 14, 15, 18 და 30 მარტს) დარეგისტრირებულ 85 მწვრთნელს სემინარები ჩაუტარდა. მაშინ პროგრამის მონაწილეებს სამწვრთნელო უნარები, ფიზ-მომზადების, სამედიცინო და მსაჯებთან სწორი კომუნიკაციის საკითხები გელა წულაძემ, კოტე ტუღუშმა, ანატოლი ბოისამ, დავით ნოზაძემ, ნიკა ბურჯანაძემ, ბექა ბექაიამ, მიხეილ ვართანოვმა, თორნიკე გოგიჩაიშვილმა და შალვა ონიანმა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში ფიზ-მომზადებისა და ინდივიდუალური გადამზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით თორთლაძემ გააცნეს, რის შემდეგაც აპრილში პირველი საგამოცდო ეტაპიც გაიმართა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირი ლიცენზირებისა და გადამზადების პროგრამას უკვე 10 წელია პერმანენტულად ახორციელებენ. C კატეგორიის სერტიფიკატი 14 წლამდე მოზარდებთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი და მის მფლობელებს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდების გამოყვანის ოფიციალური უფლება ეძლევათ. 

უახლოეს პერიოდში დაიწყება B კატეგორიის სასერთიფიკატო პროგამაში მონაწილეების მიღების მსურველთა რეგისტრაცია.