მარკოიშვილის “კანტუმ” ევროლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

მარკოიშვილის “კანტუმ” ევროლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

სულ ცოტა დააკლდა ვიქტორ სანიკიძის „სიენას“, რომ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება ეზეიმა, მაგრამ… იტალიურმა გუნდმა მალაგაში, მასპინძელ „უნიკახასთან“ დამატებით დროში – 89:91 წააგო და სამი ტურის შემდეგ B ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
სანიკიძემ შედეგიანად ითამაშა. მან მატჩში ყველაზე მეტი – 13 მოხსნა დააგროვა, საიდანაც 9 მეტოქის ფარზე მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მოედანზე მყოფთაგან ქართველის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე კალათბურთელს 6 მოხსნა ჰქონდა. ვიქტორს  2 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მან შეხვედრა 8 ქულით დაასრულა. სანიკიძემ 5 ცდიდან მხოლოდ 1 ორქულიანი, 1–დან 1 სამიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასა და 13 მოხსნასთან ერთად სანიკიძეს 1 პასიც ჰქონდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით იგი სიენელთაგან მხოლოდ ბობი ბრაუნს ჩამორჩა, ვინაც 22 ქულა და 6 პასი მიითვალა.
ბოლო მეოთხედის წინ სიენელები 11 ქულით იგებდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე დარჩენილ 10 წუთში ეს უპირატესობა გაფლანგეს და მატჩისთვის განკუთვნილი 40 წუთი 80:80 დასრულდა. სანიკიძე ოვერტაიმში  მოედანზე იმყოფებოდა. თანაბარ ბრძლაში მიმდინარე მატჩის ბოლო წუთები მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს – 91:89.
„სიენას“ მსგავსად, ამ ტურამდე მოგება არ ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“, თუმცა იტალიურმა გუნდმა ნავსის გატეხვა მოახერხა. „კანტუმ“ რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლა და ზედმეტი გართულების გარეშე – 67:54 დაამარცხა. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და 6 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოინაგრა. მანუჩარმა 6–დან 1 ორქულიანი, 4–დან 1 სამიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
მასპინძელთაგან მარკოიშვილს მესამე შედეგი ჰქონდა. მასზე უკეთესი სტატისტიკა პიეტრო არადორიმ (13 ქულა, 8 მოხსნა) და ჯერი სმიტმა (10) აჩვენეს. ხიმკელთაგან კი 10–10 ქულა მოაგროვეს ვიტალი ფრიძონმა და ზორან პლანინიჩმა.
მეოთხე ტური 1 და 2 ნოემბერს გაიმართება. „კანტუ“ მადრიდში „რეალს“ შეხვდება, ხოლო , „სიენა“ „შალონს“ უმასპინძლებს.
 

კანტუ–ხიმკი. ბურთით მანუჩარ მარკოიშვილი
 A ჯგუფი
რეალი                           2          1          253      239      14
პანათინაიკოსი           2          1          241      228      13
ფენერბაჰჩე                 2          1          248      238      10
კანტუ                           1          2          214      216      -2
ოლიმპია                     1          2          226      237      -11
ხიმკი                           1          2          220      244      -24
B ჯგუფი
მაკაბი                             3             0             245         209         36
ალბა                                2             1             232         230         2
უნიკახა                          2             1             248         249         -1
 პროკომი                        1             2             226         224         2
შალონი                          1             2             213         238         -25
სიენა                               0             3             239         253         -14