სულ ცოტა დააკლდა ვიქტორ სანიკიძის „სიენას“, რომ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება ეზეიმა, მაგრამ… იტალიურმა გუნდმა მალაგაში, მასპინძელ „უნიკახასთან“ დამატებით დროში – 89:91 წააგო და სამი ტურის შემდეგ B ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
სანიკიძემ შედეგიანად ითამაშა. მან მატჩში ყველაზე მეტი – 13 მოხსნა დააგროვა, საიდანაც 9 მეტოქის ფარზე მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მოედანზე მყოფთაგან ქართველის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე კალათბურთელს 6 მოხსნა ჰქონდა. ვიქტორს 2 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მან შეხვედრა 8 ქულით დაასრულა. სანიკიძემ 5 ცდიდან მხოლოდ 1 ორქულიანი, 1–დან 1 სამიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასა და 13 მოხსნასთან ერთად სანიკიძეს 1 პასიც ჰქონდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით იგი სიენელთაგან მხოლოდ ბობი ბრაუნს ჩამორჩა, ვინაც 22 ქულა და 6 პასი მიითვალა.
ბოლო მეოთხედის წინ სიენელები 11 ქულით იგებდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე დარჩენილ 10 წუთში ეს უპირატესობა გაფლანგეს და მატჩისთვის განკუთვნილი 40 წუთი 80:80 დასრულდა. სანიკიძე ოვერტაიმში მოედანზე იმყოფებოდა. თანაბარ ბრძლაში მიმდინარე მატჩის ბოლო წუთები მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს – 91:89.
„სიენას“ მსგავსად, ამ ტურამდე მოგება არ ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“, თუმცა იტალიურმა გუნდმა ნავსის გატეხვა მოახერხა. „კანტუმ“ რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლა და ზედმეტი გართულების გარეშე – 67:54 დაამარცხა. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და 6 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოინაგრა. მანუჩარმა 6–დან 1 ორქულიანი, 4–დან 1 სამიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
მასპინძელთაგან მარკოიშვილს მესამე შედეგი ჰქონდა. მასზე უკეთესი სტატისტიკა პიეტრო არადორიმ (13 ქულა, 8 მოხსნა) და ჯერი სმიტმა (10) აჩვენეს. ხიმკელთაგან კი 10–10 ქულა მოაგროვეს ვიტალი ფრიძონმა და ზორან პლანინიჩმა.
მეოთხე ტური 1 და 2 ნოემბერს გაიმართება. „კანტუ“ მადრიდში „რეალს“ შეხვდება, ხოლო , „სიენა“ „შალონს“ უმასპინძლებს.
კანტუ–ხიმკი. ბურთით მანუჩარ მარკოიშვილი
A ჯგუფი
რეალი 2 1 253 239 14
პანათინაიკოსი 2 1 241 228 13
ფენერბაჰჩე 2 1 248 238 10
კანტუ 1 2 214 216 -2
ოლიმპია 1 2 226 237 -11
ხიმკი 1 2 220 244 -24
B ჯგუფი
მაკაბი 3 0 245 209 36
ალბა 2 1 232 230 2
უნიკახა 2 1 248 249 -1
პროკომი 1 2 226 224 2
შალონი 1 2 213 238 -25
სიენა 0 3 239 253 -14