ეცროპის ჩემპიონატის მასპინძლებთან, რომელებმაც 2 დღის წინ კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი 9 ქულით დაამარცხეს, 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ტოლ-სწორად ებრძოლა და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა.
სლოვენიას გამარჯვება პირდაპირი მნიშვნელობით ზორან დრაგიჩმა მოუტანა, რომელმაც საფინალი სირენამდე 7 წამით ადრე, როცა შეტევისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა, გამოუვალი სიტუაციიდან ისროლა და ისეთი ბურთი ჩააგდო, ძალიან იშვიათად რომ ვარდება. ამით დრაგიჩმა სლოვენიელთა უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა და სლოვენიელები მიუწვდეომლები გახადა. – 72:68 საბოლოოდაც ეს ანგარიში დაფიქსირდა.
საქართველოს ნაკრებმა სლოვენიას 3 (I, II და III) მეოთხედი მოუგო და მხოლოდ მეორე პერიოდის ჩაგდების გამო დამარცხდა. ქართველებს თამაში, რომ იტყვიან, ეჭირათ. პირველი ათწუთეული 19:13 მოიგეს, ხოლო მეორეს დაწყებიდან მალევე იგორ კოკოშკოვის სამწყსომ 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 26:15. სწორედ ამის შემდეგ ამოქმედნენ სლოვენიელები, რაშიც, არ გადავაჭარბებთ და, მსაჯებმაც მისცეს ბიძგი. მანამდე ეფექტურად მოთამაშე ქართველების ზონურ დაცვას სლოვენიელებმა 3-ქულიანები დაუშინეს და საბოლოოდ გატეხეს. 13 ცდიდან ჩაგდებული 8 სამქულიანი – ასეთ საპირველტაიმო შედეგს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა და სწორედ ამის წყალობით სლოვენიამ მეოთხედი 31:13, ხოლო პირველი ტაიმი – 44:32 მოიგო. 6-წუთიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 15:0 მოიგეს, რაც შოკი იყო ქართველებისთვის, მაგრამ ამის შემდეგ კოკოშკოვის შეგირდები მაინც სწორ რელსებზე დადგნენ.
მეორე ტაიმიდან ქართველებმა მიზანმიმართულად, ნელ-ნელა იწყეს თამაშის გამოსწორება, შესაბამისად, ანგარიშმაც ლღობა იწყო. მე-3 პერიოდი ქართველებმა 4 ქულით – 14:10 მოიგეს და ბოლო ათწუთეულში მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს. გიორგი ცინცაძის, რიკი ჰიკმანის, მანუჩარ მარკოიშვილის და ვიქტორ სანიკიძის შედეგიანობით ქართველებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე 2-ჯერ შეამცირეს – 59:60, 61:62. კოკოშკოვის გუნდს დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ ჰიკმანმა 61:62-ზე ერთ შეტევაში სწრაფი გარღვევა, შემდეგ კი 3-ქულიანი გააცუდა.
ქართველები გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ თავში ნახსენებმა ბურთმა, როცა ბოლო წამებზე ზორან დრაგიჩმა უხერხული სიტუაციიდან ჩააგდო, ქართველების ბრძოლას და მატჩს წერტილი დაუსვა.
ჩვენს მატჩამდე C ჯგუფში ხორვატებმა გაჭირვებით დაამარცხეს პოლონეთი, ხოლო ჩეხეთმა ესპანეთთან ვერფერი გააწყო – 39:60 წააგო.
C ჯგუფი
7 სექტემბერი
საქართველო – სლოვენია 78:82, ხორვატია – პოლონეთი 74:70, ესპანეთი – ჩეხეთი 60:39
1.
სლოვენია
3
3/0
212/197
6
2.
ესპანეთი
3
2/1
197/157
5
3.
ხორვატია
3
2/1
191/214
5
4.
საქართველო
3
1/2
228/216
4
5.
ჩეხეთი
3
1/2
168/190
4
6.
პოლონეთი
3
0/3
205/227
3
8 სექტემბერი. თბილისის დრო
პოლონეთი – ესპანეთი 16:30
ჩეხეთი – საქართველო 19:45
სლოვენია – ხორვატია 23:00