საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელთა დუელი ევროთასზე შედგა. გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკი“ იერუსალიმში ქართულად ნატურალიზებული ჯეიკობ პულენის „ჰაპოელს“ შეხვდა. ნაკრებში თანაგუნდელთა გუნდების დუელი „ჰაპოელის“ გამარჯვებით – 81:67 დასრულდა.
ცინცაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 5 ქულა, 4 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა გამთამაშებელმა 4–დან 1 სამიანი ჩააგო, ხოლო მისმა ერთადერთმა ორქულიანმა მიზანს მიაღწია. კიეველთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ლეო ლაიანსმა დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
პულენმა ცინცაძეზე ცოტა მეტ ხანს – 26 წუთი ითამაშა და შედეგიანობაც შედარებით უკეთესი ჰქონდა: 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 6–დან 2 ორიანი და 6–დან ექვსივე საჯარიმო ააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. იერუსალიმელთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელ გრეიგ სმიტს (18 ქულა) და ებრაელ რავივ ლემონადს (13) ჰქონდა.
A ჯგუფის მეორე მატჩში ლიტვურმა „პრიენაიმ“ ლიდერი „ნიმბრუკი“ 84:66 დაამარცხა და ცხრილში ამგვარი სიტუაცია შეიქმნა: „ნიმბრუკი“ და „პრიენაი“ I-II ადგილებს იყოფენ, ხოლო III-IV ადგილების თანაზიარნი პულენისა და ცინცაძის გუნდები არიან. მომდევნო ტურში, 28 ნოემბერს, „ბუდიველნიკი“ და „ჰაპოელი“ კვლავ ერთმანეთს შეხვდებიან, ოღონდ, ამჯერად, კიევში. ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” კი ევროთასზე პირველი გამარჯვება იზეიმა. სევილიელები H ჯგუფში “ორლეანს” ესტუმრნენ და 70:56 მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე მხოლოდ 01:25 წუთი გაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “კახასოლის” რიგებში საუკეთესო ჩეხი მცველი ტომაში სატორანსკი იყო, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. H ჯგუფს 3 მოგებით სერბული “ცრვენა ზვეზდა” ლიდერობს, სევილიელები კი მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, კვლლავ ორლეანელებთან, ამჯერად შინ ჩაატარებენ.