პულენისა და ცინცაძის გუნდები ერთამენთს ევროთასზე დაუპირისპირდნენ

პულენისა და ცინცაძის გუნდები ერთამენთს ევროთასზე დაუპირისპირდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელთა დუელი ევროთასზე შედგა. გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკი“ იერუსალიმში ქართულად ნატურალიზებული ჯეიკობ პულენის „ჰაპოელს“ შეხვდა. ნაკრებში თანაგუნდელთა გუნდების დუელი „ჰაპოელის“ გამარჯვებით – 81:67 დასრულდა.
ცინცაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 5 ქულა, 4 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა გამთამაშებელმა 4–დან 1 სამიანი ჩააგო, ხოლო მისმა ერთადერთმა ორქულიანმა მიზანს მიაღწია. კიეველთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ლეო ლაიანსმა დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
პულენმა ცინცაძეზე ცოტა მეტ ხანს – 26 წუთი ითამაშა და შედეგიანობაც შედარებით უკეთესი ჰქონდა: 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 6–დან 2 ორიანი და 6–დან ექვსივე საჯარიმო ააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. იერუსალიმელთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელ გრეიგ სმიტს (18 ქულა) და ებრაელ რავივ ლემონადს (13) ჰქონდა.
A ჯგუფის მეორე მატჩში ლიტვურმა „პრიენაიმ“ ლიდერი „ნიმბრუკი“ 84:66 დაამარცხა და ცხრილში ამგვარი სიტუაცია შეიქმნა: „ნიმბრუკი“ და „პრიენაი“ I-II ადგილებს იყოფენ, ხოლო III-IV ადგილების თანაზიარნი პულენისა და ცინცაძის გუნდები არიან. მომდევნო ტურში, 28 ნოემბერს, „ბუდიველნიკი“ და „ჰაპოელი“ კვლავ ერთმანეთს შეხვდებიან, ოღონდ, ამჯერად, კიევში.  ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” კი ევროთასზე პირველი გამარჯვება იზეიმა. სევილიელები H ჯგუფში “ორლეანს” ესტუმრნენ და 70:56 მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე მხოლოდ 01:25 წუთი გაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “კახასოლის” რიგებში საუკეთესო ჩეხი მცველი ტომაში სატორანსკი იყო, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. H ჯგუფს 3 მოგებით სერბული “ცრვენა ზვეზდა” ლიდერობს, სევილიელები კი მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, კვლლავ ორლეანელებთან, ამჯერად შინ ჩაატარებენ.