თორნიკე შენგელია და მისი “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატშიც წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებენ. ევროლიგის პლეი ოფში გასვლის შემდეგ, ბასკურმა კლიბმა შიდაჩემპიონატჩის იმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა.
“ბასკონიამ” ვიტორია-გასტიესში “ანდორას” უმასპინძლა და 13 ქულით – 88:75 დაამარცხა. ანდორელთა რიგებში კვლავ ვერ თამაშობს ტრავმირებული ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხის რეაბილიტაცია ძალიან გაეწელა. თორნიკე შენგელია სათადარიგო იყო და 18:22 წუთში ბასკონიელებს 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიაშველა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ილიმანე დიოპს (24) ჩამორჩა. შენგელიას გარდა, “ბასკონიას” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 5 კალათბურთელის ასცდა. ესენი ესპანელი ილიმანე დიოპი (14), ფრანგი როდრიგ ბობუა (13), არგენტინელი ლუკა ვილდოზა (12), ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი (11) და ამერიკელი მეტ ჯენინგი (11) იყვნენ.
“ბასკონიას” 19 მოგება და 7 მარცხი აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში, 12 აპრილს, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონ “ვალენსიას” ესტუმრება.