შენგელიას 12 ქულა და მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

შენგელიას 12 ქულა და მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

თორნიკე შენგელია და მისი “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატშიც წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებენ. ევროლიგის პლეი ოფში გასვლის შემდეგ, ბასკურმა კლიბმა შიდაჩემპიონატჩის იმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა. 

“ბასკონიამ” ვიტორია-გასტიესში “ანდორას” უმასპინძლა და 13 ქულით – 88:75 დაამარცხა. ანდორელთა რიგებში კვლავ ვერ თამაშობს ტრავმირებული ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხის რეაბილიტაცია ძალიან გაეწელა. თორნიკე შენგელია სათადარიგო იყო და 18:22 წუთში ბასკონიელებს 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიაშველა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ილიმანე დიოპს (24) ჩამორჩა. შენგელიას გარდა, “ბასკონიას” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 5 კალათბურთელის ასცდა. ესენი ესპანელი ილიმანე დიოპი (14), ფრანგი როდრიგ ბობუა (13), არგენტინელი ლუკა ვილდოზა (12), ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი (11) და ამერიკელი მეტ ჯენინგი (11) იყვნენ.

“ბასკონიას” 19 მოგება და 7 მარცხი აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში, 12 აპრილს, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონ “ვალენსიას” ესტუმრება.