ესპანეთის ჩემპიონატის მარცხით დაწყების შემდეგ, გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” გამარჯვება იზეიმა. მეორე ტურის მატჩში ტენერიფელები შერმადინის ყოფილ გუნდ “უნიკახას” მალაგაში ესტუმრნენ და 88:80 იმარჯვეს, რაშიც თავისი დამაჯერებელი წილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო.
აღსანიშნავია, რომ შერმადინთან ერთად გასულ სეზონში “უნიკახაში” თამაშობდნენ ამჟამად “იბეროსტარის” მოთამაშეები – დანი დიესი და საშუ სალინი. სამივე ამ კალათბურთელმა დიდებულად ითამაშა და სწორედ მათი ძალისხმევით ტენერიფელებმა გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს.
შერმადინი სტუმართა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 31:52 წუთი გაატარა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
გიორგიმ 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება წაამატა. ქართველმა ლეგიონერმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ხსენებულ სალინს (24 ქულა) და დიეზს (19 ქულა, 9 მოხსნა) ჩამორჩა, გუნდის ბრაზილიელმა ახალწვეულმა მარსელინიო უერტასმა კი 11 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
იბეროსტარ ტენერიფეს თითო მოგება-წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი, 5 ოქტომბერს, შინ, მადრიდის რეალთან გამართავს.