შერმადინის 12 ქულა და გამარჯვება ყოფილ გუნდ უნიკახასთან

შერმადინის 12 ქულა და გამარჯვება ყოფილ გუნდ უნიკახასთან

ესპანეთის ჩემპიონატის მარცხით დაწყების შემდეგ, გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” გამარჯვება იზეიმა. მეორე ტურის მატჩში ტენერიფელები შერმადინის ყოფილ გუნდ “უნიკახას” მალაგაში ესტუმრნენ და 88:80 იმარჯვეს, რაშიც თავისი დამაჯერებელი წილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო.

აღსანიშნავია, რომ შერმადინთან ერთად გასულ სეზონში “უნიკახაში” თამაშობდნენ ამჟამად “იბეროსტარის” მოთამაშეები – დანი დიესი და საშუ სალინი. სამივე ამ კალათბურთელმა დიდებულად ითამაშა და სწორედ მათი ძალისხმევით ტენერიფელებმა გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს. 

შერმადინი სტუმართა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 31:52 წუთი გაატარა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

გიორგიმ 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება წაამატა. ქართველმა ლეგიონერმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. 

შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ხსენებულ სალინს (24 ქულა) და დიეზს (19 ქულა, 9 მოხსნა) ჩამორჩა, გუნდის ბრაზილიელმა ახალწვეულმა მარსელინიო უერტასმა კი 11 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

იბეროსტარ ტენერიფეს თითო მოგება-წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი, 5 ოქტომბერს, შინ, მადრიდის რეალთან გამართავს.