საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ტაირონ ელისმა ესპანური პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში თავის „კახასოლს“ გამარჯვება მოაპოვებინა. ანდალუზიურ დერბიში მისი გუნდი სტუმრად „გრანადას“ შეხვდა და 79:66 დაამარცხა.ელისი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმც მოედანზე გატარებულ 29 წუთში 22 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.ტაირონმა ერთი ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამი პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ და ოთხივე შემთხვევაში, სტუმართა ლიდერი საჯარიმოს ხაზზე დადგა. 4 მოგებითა და 4 მარცხით, “კახასოლმა” მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრას კი 22 ნოემბერს სევილიაში “ხაკობეოსთან” ჩაატარებს.
ბურთითაა ტაირონ ელისი
სეზონში მე-2 მარცხი განიცადა და მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა ვალენსიური “პამესა”, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები თორნიკე შენგელია და გიორგი შარაბიძე ირიცხებიან.მალაგას “უნიკახასთან” გასვლით მატჩში ვალენსიელები 75:87 დამარცხდნენ, ჩვენებურები კი, ამჯერად, “პამესას” განაცხადში არ ყოფილან. 22 ნოემბერს ვალენსიელები ალიკანტეს “მერიდიანოს” დაუხვდებიან. საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში წარმატებას მიაღწია გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსმა”. ათენელებმა “პანელინოსთან” მატჩში 80:66 იმარჯვეს, ქართველმა ცენტრმა კი 10 წუთში 3 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.შერმადინმა 2 ორქულიანიდან 1 ჩააგდო და საჯარიმოებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა. გიორგიმ წესები სამჯერ დაარღვია, ბურთი ერთხელ დაკარგა, მეტოქეები კი მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ.