ტაირონ ელისმა 22 ქულა და გამარჯვება მიითვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ტაირონ ელისმა ესპანური პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში თავის „კახასოლს“ გამარჯვება მოაპოვებინა. ანდალუზიურ დერბიში მისი გუნდი სტუმრად „გრანადას“ შეხვდა და 79:66 დაამარცხა.ელისი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმც მოედანზე გატარებულ 29 წუთში  22 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.ტაირონმა ერთი ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამი პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ და ოთხივე შემთხვევაში, სტუმართა ლიდერი საჯარიმოს ხაზზე დადგა. 4 მოგებითა და 4 მარცხით, “კახასოლმა” მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრას კი 22 ნოემბერს სევილიაში “ხაკობეოსთან” ჩაატარებს.

ბურთითაა ტაირონ ელისი
სეზონში მე-2 მარცხი განიცადა და მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა ვალენსიური “პამესა”, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები თორნიკე შენგელია და გიორგი შარაბიძე ირიცხებიან.მალაგას “უნიკახასთან” გასვლით მატჩში ვალენსიელები 75:87 დამარცხდნენ, ჩვენებურები კი, ამჯერად, “პამესას” განაცხადში არ ყოფილან. 22 ნოემბერს ვალენსიელები ალიკანტეს “მერიდიანოს” დაუხვდებიან. საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში წარმატებას მიაღწია გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსმა”. ათენელებმა “პანელინოსთან” მატჩში 80:66 იმარჯვეს, ქართველმა ცენტრმა კი 10 წუთში 3 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.შერმადინმა 2 ორქულიანიდან 1 ჩააგდო და საჯარიმოებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა. გიორგიმ წესები სამჯერ დაარღვია, ბურთი ერთხელ დაკარგა, მეტოქეები კი მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ.