ცინცაძის სამიანმა ბუდიველნიკს ევროთასზე მოაგებინა

ცინცაძის სამიანმა ბუდიველნიკს ევროთასზე მოაგებინა

გიორგი ცინცაძეს შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონია, თუმცა ქართველი გამთამაშებელი მატჩის გმირი გახდა. კიევურმა „ბუდიველნიკმა“ ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თურქულ „ბანვითს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 76:69 დაამარცხა. გადამწყვეტი სამქულიანი სწორედ გიორგი ცინცაძემ ჩააგდო, რომლის შემდეგაც თურქების წინააღმდეგობას აზრი დაეკარგა და მატჩის ბედი კიეველთა სასარგებლოდ გადაწყდა.
 
„ბანვითმა“ პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ კიეველებმა შესანიშნავად ითამაშეს, მესამე პერიოდი 26:15 მოიგეს და ყველაფერზე პასუხი ბოლო პერიოდს უნდა გაეცა. მასპინძლები მცირედით, თუმცა ნიადაგ ლიდერობდნენ. თურქები არ ნებდებოდნენ და საფინალო სირენამდე წუთით ადრე სემი მეიას სამქულიანის შემდეგ „ბანვითი“ „ბუდიველნიკს 2 ქულით მიუახლოვდა – 69:71. სწორედ აქ ჩააგდო ცინცაძემ გადამწყვეტი სამქულიანი.
 
ქართველმა გამთამაშებელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და  მოედანზე 26 წუთი გაატარა. ცინცაძემ 4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 12 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად გიორგის 4 პასი და 2 მოხსნა ჰქონდა. კიეველებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ. ლეო ლაიონსმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო დარიუს სალენგამ – 14.
 
ამავე ტურში ითამაშა ბექა ბურჯანაძის „კახასოლმა“, რომელმაც დასანანი მარცხი პოლონეთში, „ზელიონა გორასთან“ განიცადა. პირველი ტაიმის სემდეგ სევილიური გუნდი 39:32 იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში უხეიროდ ითამაშა და მეორე ჯგუფური ეტაპი მარცხით (67:76) დაიწყო. ბურჯანაძემ მხოლოდ 2 წუთი ითამაშა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
 
მეორე ტურის მატჩები 16 იანვარს გაიმართება. ორივე ქართველის გუნდი რუსეთში ითამაშებს: „კახასოლი“ სანკტ-პეტერბურგში, „სპარტაკს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბუდიველნიკი“ ლიუბეტსკში „ტრიუმფს” შეხვდება.