გიორგი ცინცაძეს შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონია, თუმცა ქართველი გამთამაშებელი მატჩის გმირი გახდა. კიევურმა „ბუდიველნიკმა“ ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თურქულ „ბანვითს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 76:69 დაამარცხა. გადამწყვეტი სამქულიანი სწორედ გიორგი ცინცაძემ ჩააგდო, რომლის შემდეგაც თურქების წინააღმდეგობას აზრი დაეკარგა და მატჩის ბედი კიეველთა სასარგებლოდ გადაწყდა.
„ბანვითმა“ პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ კიეველებმა შესანიშნავად ითამაშეს, მესამე პერიოდი 26:15 მოიგეს და ყველაფერზე პასუხი ბოლო პერიოდს უნდა გაეცა. მასპინძლები მცირედით, თუმცა ნიადაგ ლიდერობდნენ. თურქები არ ნებდებოდნენ და საფინალო სირენამდე წუთით ადრე სემი მეიას სამქულიანის შემდეგ „ბანვითი“ „ბუდიველნიკს 2 ქულით მიუახლოვდა – 69:71. სწორედ აქ ჩააგდო ცინცაძემ გადამწყვეტი სამქულიანი.
ქართველმა გამთამაშებელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ცინცაძემ 4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 12 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად გიორგის 4 პასი და 2 მოხსნა ჰქონდა. კიეველებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ. ლეო ლაიონსმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო დარიუს სალენგამ – 14.
ამავე ტურში ითამაშა ბექა ბურჯანაძის „კახასოლმა“, რომელმაც დასანანი მარცხი პოლონეთში, „ზელიონა გორასთან“ განიცადა. პირველი ტაიმის სემდეგ სევილიური გუნდი 39:32 იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში უხეიროდ ითამაშა და მეორე ჯგუფური ეტაპი მარცხით (67:76) დაიწყო. ბურჯანაძემ მხოლოდ 2 წუთი ითამაშა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
მეორე ტურის მატჩები 16 იანვარს გაიმართება. ორივე ქართველის გუნდი რუსეთში ითამაშებს: „კახასოლი“ სანკტ-პეტერბურგში, „სპარტაკს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბუდიველნიკი“ ლიუბეტსკში „ტრიუმფს” შეხვდება.