22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში ქუთაისმა თსსუ დაამარცხა

22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში ქუთაისმა თსსუ დაამარცხა

საქართველოს 22 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში “ქუთაისი” დაწინაურდა. იმერულმა კლუბმა 6 ივნისს, საკუთარ მოედანზე 81:77 (სტატისტიკა) დაამარცხა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი და ჩემპიონობას მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება და თუკი 8 ივნისს, თბილისში ისევ იმერული კლუბი იმარჯვებს, ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

ქუთაისში სუპერლიგის 4 ჩემპიონი თამაშობს. გიორგი ოჩხიკიძე, ბაქარ ბერეკაშვილი, გიორგი სულაბერიძე და თემურ დვალიშვილი 30 მაისს საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, როცა “ქუთაისმა” ფინალური სერიის მე-5 გადამწყვეტი მატჩი თსუ-ს მოუგო. ოჩხიკიძე სუპერლიგის საუკეთესო, ხოლო სულაბერიძე – ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახდა. ორივე მათგანმა ქუთაისელთა ჩემპიონობაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

სწორედ ამ დუეტმა მოაგებინა ქუთაისის 22-წლამდელებს გუშინდელი მატჩი. ბოლო პერიოდის წინ თსსუ 60:55 იგებდა, თუმცა დასკვნით 10-წუთეულში ოჩხიკიძისა და სულაბერიძის ლიდერობით მასპინძლებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

22 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო სულაბერიძე გახდა. ოჩხიკიძემ 21 ქულა და 10 პასი მიითვალა, ბაქარ ბერეკაშვილის ანგარიშზე 8 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში 28 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო იყო ლევან აფციაური. 25 ქულა და 7 მოხსნა ლუკა ხარაბაძემ მიითვალა. 

ფინალური სერიის მეორე შეხვედრა თბილისი არენაზე, 8 ივნისს, 13:30 საათზე გაიმართება.