დასრულდა საქართველოს 22-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი, რომელშიც 15 გუნდი მონაწილეობდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას 8 საუკეთესო აგრძელებს. A და B ჯგუფებში გადანაწილებულმა გუნდებმა ერთმანეთში 2 წრედ ითამაშეს და საუკეთესო თითოეული ჯგუფის 4-მა საუკეთესო გუნდმა მეოთხედფინალში გააღწია.
A ჯგუფში მთლიანი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი ოვერტაიმსა და ქუთაისს შორის გაიმართა, თუმცა მის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ქუთაისი ჯგუფში პირველ, ხოლო ოვერტაიმი მეორე ადგილს იკავებდა. შეხვედრა ქუთაისელებმა 88:65 (სტატისტიკა) მოიგეს და რეგულარული ჩემპიონატიც დასრულდა.
პლეი ოფში A ჯგუფიდან ქუთაისი, ოვერტაიმი, სოხუმი-საქართველო და ვსა გავიდნენ. B ჯგუფიდან კი სპორტუნი, რუსთავი, ბასკო 2 და სოხუმის კოლხა. გუნდები მეოთხედფინალში შემდეგი პრინციპით გავიდნენ: A1-B4, A2-B3, B1-A4, B2-A3. მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სერიები 2 მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალი – სამ მოგებამდე. მე-3 ადგილის მფლობელი 1 მატჩის შედეგად გამოვლინდება.
მეოთხედფინალური სერიის მატჩები 26 მარტს დაიწყება და თუ საჭიროება მოითხოვს, 6 აპრილამდე გაგრძელდება (იხილეთ წარმოდგენილი კალენდარი), რის შემდეგაც გამარჯვებულები ნახევარფინალში გადაინაცვლებენ.