პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში 22-წლამდელთა ჩემპიონატი ტარდება. აქამდე არსებულ 20-წლამდელთა პირველობას 2 წელი დაემატა და ეს მოხდა იმის გამო, რომ აღნიშნულ ასაკს გადაბიჯებულმა კალათბურთელებმა რომლებიც სუპერლიგასა და “ა” ლიგაში ვერ მოხვდებიან, კალათბურთს თავი არ დაანებონ და შანსი ბოლომდე გამოიყენონ.
22-წლამდელთა პირველ ჩემპიონატში 15 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. A ჯგუფში თავმოყრილნი არიან ოვერტაიმი, ბასკო, ქუთაისი, ვსა (ვიქტორ სანიკიძის აკადემია), სოხუმი საქართველო, ჰიუნდაი, თბილისი ბასკეტი და თსსუ.
B ჯგუფს შეადგენენ: რუსთავი, სპორტუნი, დრიმჩეისერსი, სტუ, ბასკო 2, თელავი, სოხუმი კოლხა.
რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში ჯგუფებში 2 წრე ჩატარდება, რის შემდეგაც თითოეულიდან 4-4 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავა. სხვა ასაკობრივი ჩემპიონატებისგან განსხვავებით, 22-წლამდელებში მხოლოდ ერთი ლიგა იქნება.
დღეს გამართულ ორივე მატჩში დიდი სხვაობა დაფიქსირდა. რუსთავში გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ნიკა გოგოხიას გაწვრთნილი, ახალდაარსებული საკალათბურთო სკოლა “დრიმჩეისერსის” გუნდი დაამარცხა. რუსთაველებმა 20 ქულის სხვაობით – 81:61 (სტატისტიკა) მოიგეს, რაშიც ლომის წილი დავით ლორიას ( 20 ქულა) მიუძღვის. 12 ქულა დავით ჩხეიძემ მიითვალა. დრიმჩეისერსში ყველაზე მეტი – 10 ქულა გიორგი ბარათაშვილს ჰქონდა.
თბილისში გამართულ შეხვედრაში სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა (სპორტუნიმ) 70:57 (სტატისტიკა) სძლია სტუ-ს. გამარჯვებულებს 19-19 ქულით გიორგი ობგაიძემ და კახა იაგორაშვილმა ულიდერეს, დამიანე ოთხმეზურმა კი თავისი გუნდისთვის 17 ქულა და 6 მოხსნა გაიღო. ტექნიკოსთაგან 12-12 ქულა-მოხსნით საუკეთესო შედეგი დავით მეშვილდიშვილმა დააფიქსირა.
10 ნოემბერს სანიკიძის აკადემიის გუნდი “სოხუმი საქართველოს” დაუპირისპირდება.