+10: შენგელია, ჰოსლი და ცინცაძე

+10: შენგელია, ჰოსლი და ცინცაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი წევრი გავიდა შაბათს მოედანზე და სამივემ დამაჯერებლად ითამაშა.თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე და ქუინტონ ჰოსლი – სამივე ამ კალათბურთელმა ათქულინი ზღვარი დაძლია. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა ქუინტონ ჰოსლიმ კი სულაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
 
პრიმერადივიზიონი
ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდი“ სტუმრად „ვალენსიას“ შეხვდა და მიუხედავად საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრის კარგი თამაშისა, მაინც დამარცხდა – 71:94.
ჰოსლიმ 32.20 წუთში 18 ქულა (10-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, რითაც „ხუვენტუდის“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო. სამწუხაროდ, მას მხარი ვერ აუბეს თნაგუნდელებმა.
ამ მატჩის შემდეგ “ხუვენტუდს” 13 წაგება და 12 გამარჯვება აქვს. საქართველოს ნაკრების დანარჩენი წევრების გუნდები პრიმერადივიზიონის მორიგი ტურის მატჩებს დღეს ჩაატარებენ.
 
      ბელგიის ჩემპიონატი
თორნიკე შენგელიას „პეპინსტერმა“ საამაყო გამარჯვება მოიპოვა. თანაც, ქართველმა ლეგიონერმა შესანიშნავი თამაშით ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო.
 “პეპინსტერმა” მესამეადგილოსანი “დექსია” მიიღო და 88:76 დაამარცხა.
 
ქართველ კალათბურთელს ბევრი არ უთამაშია. შენგელიამ მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, თუმცა ეს დროც საკმარისი გახდა, რომ ის მატჩის ერთ–ერთი საუკეთესო გამხდარიყო. შენგელიამ თითქმის უნაკლოდ შეასრულა სროლები. მან 4-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, აგრეთვე ერთადერთი სამიანი და ორივე საჯარიმოც ჩააგდო. ამის გარდა, თორნიკემ 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.  საბოლოო ჯამში სარგებლიანობის კოეფიციენტით (17) შენგელია თანაგუნდელებში მხოლოდ რაშონ ფრიმენს (19) ჩამორჩა.
 
ამ გამარჯვების შემდეგ ქართველის გუნდმა 7 მოგებით (13 წაგება) მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ამდენივე გამარჯვება აქვს მასზე ქვემდგომ “ლიოვენსაც”, რომელმაც “პეპინსტერზე” 2 მატჩით ნაკლები ჩაატარა. პლეი ოფში 6 საუკეთესო გადის და მასში მე–6 გუნდად მოხვედრისთვის ბრძოლაც სავარაუდოდ ამ გუნდებს შორის გაიმართება.
 
 
ესტონეთის ჩემპიონატი
გიორგი ცინცაძის “როკმა” გასვლით მატჩში “პარნუ”  93:60 დაამარცხა და ქართველ უკანახაზელს ამაში თავისი წვლილი მიუძღვის.
 
ცინცაძე ტარტუელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში 16 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. “როკს”  29 მატჩიდან 26 მოგება აქვს და გათამაშების ცხრილში “კალევის” შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა, ლიდერს მხოლოდ იმის გამო ჩამორჩება, რომ მასზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. თუკი „როკი“ იმ გამოტოვებულ შეხვედრას მოიგებს, „კალევს“ გაუთანაბრდება.