საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე ტური „თბილისი არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა სუპერლიგის დებიუტანტ „ახალციხეს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 88:68 (სტატისტიკა) დაამარცხა.
პარკეტზე რეალური ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში ვიხილეთ — ახალციხელებმა საწყის ათწუთეულში მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა შემდგომში კავკასიელებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარა, სადავეები ხელთ იგდეს, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და დარჩენილ დროში მეტოქე ახლოს აღარ გაიკარეს.
მთავარმა მწვრთნელმა, ბექა წივწივაძემ, მატჩის მსვლელობისას ფართო როტაცია გამოიყენა და საინტერესო ტაქტიკური სვლა განახორციელა: პირველი პერიოდის ბოლოსკენ მოედანზე სრულიად ახალი ხუთეული გამოუშვა, რომელიც თვისებრივად არ ჩამოუვარდებოდა სასტარტო შემადგენლობას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გუნდის სიღრმესა და სრულყოფილ ბალანსს, რაც პარკეტზე მაღალი ტემპისა და შედეგიანობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წუთებზე მოედანზე ახალგაზრდა, სულ რაღაც 18 წლის დემეტრე არბარაშვილი შემოვიდა, რომელმაც ზუსტი ორქულიანით აქტივში სუპერლიგის პირველი ქულები ჩაიწერა.
აღსანიშნავია, რომ „კავკასია“ პარალელურად საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით ირჯება — გუნდი ევროპის ჩრდილოეთის ლიგაში (ENBL) ასპარეზობს, სადაც რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და საერთაშორისო გამოცდილებაც დააგროვა. რაც შეეხება „ახალციხეს“, გუნდი სუპერლიგის დებიუტანტია (წინა სეზონში „ა ლიგაში“ მოთამაშე „ლიბერთი“, რომელმაც სუპერლიგის საგზური მოიპოვა და ახალციხეში დაფუძნდა). მიუხედავად იმისა, რომ კლუბს საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავს და რიგ გამოცდილ ქართველ თუ უცხოელ მოთამაშეებს აერთიანებს, კავკასიელებთან ბრძოლაში მეორე მარცხი იწვნია.
მიმდინარე სეზონში „კავკასიამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო 20 და მეტი ქულის სხვაობით, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვძა სატურნირო ცხრილზე. ბურთების შეფარდებით საუკეთესო შედეგით კავკასიელებმა „თსუ“-ს გადაასწრეს და სატურნირო ცხრილის სათავეში, პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები ორივე გუნდიდან იყვნენ: „კავკასიის“ მხრიდან შამარ რაითი (16 ქულა, 14 მოხსნა), გიორგი ტურძილაძე (10 ქულა, 12 მოხსნა), დავით კაკუშაძე (10 ქულა) და ლუკა მაზიაშვილი (10 ქულა), ხოლო „ახალციხის“ შემადგენლობაში ჯამირ ჰარისი (16 ქულა), კურვოსიე მაკკოლი (11 ქულა, 6 მოხსნა) და ლუკა ზაქრაძე (9 ქულა) გამოირჩნენ.
სუპერლიგის მორიგი, მეოთხე ტური 23, 24 და 25 ოქტომბერს გაიმართება.