საქართველოს 18 და 20 წლამდელთა ჩემპიონატები აქტიურად მიმდინარეობს, თებერვლის შუა რიცხვებიდან კი 14 და 16 წლამდელებიც დაიწყება. თუმცა, სანამ საქართველოს ჩემპიონატები დაიწყება, ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპები უნდა გაიმართოს, რომლის მიზანიც სიძლიერის მიხედვით გუნდების A, B და Cლიგებში განაწილებაა.
განმარტება დავიწყოთ იმით, რომ წლეულს პირველად, ასაკობრივ ჩემპიონატებში 3 ლიგაა. თუკი არასაკმარისი გუნდების გამო 18 და 20 წლამდელებში C ლიგა არ იმართება, 14 და 16 წლამდელებში რანგით მესამე (C) ლიგა აუცილებლად იარსებებს და მასში მონაწილეობა საკვალიფიკაციოს გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. ანუ გუნდებს შეუძლიათ საკვალიფიკაციოში მონაწილეობა არ მიიღონ და პირდაპირ C ლიგის დაწყებას დაელოდონ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკვალიფიკაციოში ან პრაქტიკის მისაღებად მონაწილეობს, ანაც ბედს რანგით უფრო მაღალ – A ან B ლიგებში მოსახვედრად ცდიან.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტმა წილისყრა მოაწყო, რომელმაც 14 და 16 წლამდელთა გუნდები საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფებში გადაანაწილა. დავიწყოთ 16-ებით, რომელშიც 47 გუნდი მონაწილეობს. თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ამ ასაკის A ლიგაში 14 ადგილია, საიდანაც 4 უკვე დაკავებულია. ეს ადგილები კვოტირებით რეგიონის გუნდებს – ქუთაისს, რუსთავს, თელავს და ფოთს ერგოთ. ზემოთნახსენები 47 გუნდი A ლიგაში დარჩენილი 10 ადგილისთვის იბრძოლებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის 10 საუკეთესო გუნდი, როგორც ვთქვით, A ლიგაში მოხვდება, ხოლო შედეგების მიხედვით მომდევნო 24 გუნდი B ლიგის საგზურს მოიპოვებს. ის 13 გუნდი, რომელიც ვერც A და ვერც B ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ანუ 35-დან 47-ამდე ადგილებს დაიკავებს, C ლიგაში მოხვდება. მათ დაემატებიან ის გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციოში არ მონაწილეობენ და ამთავითვე C ლიგაში თამაში აქვთ გადაწყვეტილი.
16-წლამდელთა სკვალიფიკაციოში შექმნილია 11 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი. გათამაშების ფორმატი იმგვარია, რომ თითოეულ ჩაგდებულ ბურთს, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჯგუფებში გამართული 2 წრის შემდეგ 11 პირველადგილოსნიდან საუკეთესო შედეგის მქონე 8 გუნდი A ლიგის საგზურს პირდაპირ მიიღებს (აღსანიშნავია, რომ საუკეთესოს გამოსავლენად პარიტეტის პრინციპი რომ იყოს დაცული, 4-გუნდიან ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასულთან ნაჩვენები შედეგი პირველადგილოსანს ჩამოეჭრება).
A ლიგაში დარჩენილი 2 საგზურისთვის ბრძოლა გაგრძელდება პლეი ოფში, რომელშიც დარჩენილი 4 პირველადგილოსანი და საუკეთესო 4 მეორეადგილოსანი ითამაშებს. პლეი ოფში სერია იქნება 2-მატჩიანი და 8 გუნდი თავდაპირველად 1/4-ფინალში შეერკინება, რის შემდეგაც ნახევარფინალში გადაინაცვლებენ და A ლიგის 2 საგზურს სწორედ ნახევარფინალების მომგები გუნდები მიიღებენ, ხოლო ფინალი აღარ გაიმართება.
დებულების თანახმად, A ლიგაში ერთი სკოლის მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია თამაში, ხოლო B ლიგაში – ორს. C ლიგაში კი რაოდენობაზე შეზღუდვა არ არსებობს.
რაც შეეხება 14-წლამდელბს, მის A ლიგაშიც 14 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 3 ადგილი რეგიონებს – ქუთაისს, ბათუმს და რუსთავს კვოტირებით ერგოთ. დარჩენილი 11 საგზურისთვის საკვალიფიკაციოს მონაწილე 39 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც წილისყრის შედეგად ჯგუფებში გადანაწილდა. შეიქმნა 9 სამგუნდიანი და 3 ოთხგუნდიანი ჯგუფი. 2 წრის შემდეგ 9 საუკეთესო პირველადგილოსანი A ლიგის საგზურს მოიპოვეს, ხოლო დარჩენილი 2 ადგილისთვის 3 უარესი შედეგის მქონე პირველადგილოსანი და 5 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში იბრძოლებს. აღნიშნული 8 გუნდი პლეი ოფში დაწყვილდება და იმავე პრინციპით, როგორც 16-წლამდელთა საკვალიფიკაციოზე ზემოთ დავწერეთ, 2 საუკეთესოს გამოავლენს.
A ლიგის მიღმა დარჩენილი გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციოში 12-დან 35-მდე ადგილებს დაიკავებენ, B ლიგაში მოხვდებიან, დანარჩენი გუნდები კი C ლიგაში აღმოჩნდებიან.
შეგახსენებთ, რომ შემდეგი სეზონიდან საკვალიფიკაციო ტურნირები აღარ გაიმართება და A, B და C ლიგებს შორის გუნდები დაკავებული ადგილების მიხედვით დაწინაურდებიან, დაქვეითდებიან, ანაც იმავე ლიგაში დარჩებიან.