საქართველოს ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის ან რუსთავი იქნება, ან ჰიუნდაი. ამ გუნდებმა დღეს ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩები სასურველი სხვაობით მოიგეს და ფინალში გავიდნენ. ორივე მათგანს პირველი მატჩები წაგებული ჰქონდა. რუსთაველებმა ქუთაისში 2 ქულით წააგეს, ხოლო ჰიუნდაის ზაზას აკადემიის გუნდთან სულაც 13 ქულიანი (105:118) ჩამორჩენა ჰქონდა გასაბათილებელი.
ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა ყველაფერი იოლად მოაგვარეს. ქვემო ქართლში ნასტუმრებ ქუთაისს 29 ქულის სხვაობით – 111:82 (სტატისტიკა) სძლიეს და 2 შეხვედრის ჯამში მეტოქეს 27 ქულით აჯობეს. რუსთაველთა გუნდში ორმა მოთამაშემ ყურადსაღები სტატისტიკა დააფიქსირა. დათა ვაშაკიძემ თავი 43 ქულას მოუყარა, ხოლო ლუკა ტაბაღუამ ჯეკპოტი დასვა – 12 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. 20 ქულით გამოირჩა მათე რეხვიაშვილი, ხოლო გიორგი გოგოლაძემ თავი 17 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა. ქუთაისში 25 ქულით ნიკოლოზ მაჩიტიძე გამოირჩა, გერა ჭეიშვილის ანგარიშზე 22 ქულა დაგროვდა.
მეორე ნახევარფინალურ სერიაში ჰიუნდაი რთული ამოცანის წინაშე იდგა. 13 ქულა ჰქონდა წაგებული და თუკი 14-ით არ იმარჯვებდა, ფინალში ზაზას აკადემია გავიდოდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა პირველი პერიოდი 10 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც ტემპი არ დააგდეს და 13-ქულიან ზღვარს მალევე გადააბიჯეს. ზაზას აკადემიის გუნდი ცდილობდა, თუმცა დეფიციტი ვერ გააბათილა. გიორგი ჭირაქაძის წინამძღოლობით ჰიუნდაი უპრობლემოდ მივიდა 20-ქულიან გამარჯვებამდე – 91:71 (სტატისტიკა), რამაც ფინალის საგზური მოუტანა.
გამარჯვებულებს ჭირაქაძემ ულიდერა, რომელმაც 30 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ანგარიშზე 17 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. 14 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა ნიკოლოზ კობაიძემ დააგროვა. ზაზას აკადემიაში 12-12 ქულა სამმა კალათბურთელმა მიითვალა – ლუკა ღარიბაშვილმა, დავით მირზიაშვილმა და შიო შიოშვილმა.
ფინალური სერიის მატჩები 2 ივლისს რუსთავში, ხოლო 4-ში თბილისში გაიმართება. მე-3 ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს, თბილისში ჩატარდება.