საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე სამონაწილეოდ ესტონეთის ქალაქ ტარტუში იმყოფება. როგორც წესი, ჩვენი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს, რომლის განმავლობაშიც 5 მატჩს გამართავს და თბილისში დაბრუნდება. ეს გახლავთ ევროპის 16-წლამდელთა ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მესამე და ბოლო წრე, რის შემდეგაც, თუკი მოწინავეთა შორის მოხვდება, ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებს.
ჩვენმა გუნდმა პირველი წრე გასული წლის 27-30 ოქტომბერს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართა, სადაც 5-დან 3 მატჩი მოიგო. წარუმატებელი გამოდგა მეორე წრე, რომელსაც ამა წლის 12-15 იანვარს ლატვიის ქალაქმა ვალმიერამ უმასპინძლა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ქართველებმა 5-დან 1 მატჩი მოიგეს. შედეგად, 2 წრისა და 10 ტურის შედეგებით საქართველოს ნაკრებს 4 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და 16-გუნდიან ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველ დივიზიონში მე-9 ადგილზეა.
ტარტუში საქართველოს მეტოქეები იქნებიან კაუნასის ჟალგირისი, ნორვეგიული “ბოლერ ოსლო”, მასპინძელი ტარტუს უნივერსიტეტის გუნდი, ესტონური “რეინარი” და ლატვიური “აუდიენტასი”.
პირველ მატჩში ჩვენი გუნდი ლიეტუვურ გრანდს შეხვდა და 59:90 (სტატისტიკა) დამარცხდა. ჩვენს გუნდში ყველაზე მეტი, 10 ქულა ლუკა ტაბაღუამ მოაგროვა. შემდეგი მეტოქე ნორვეგიული “ბოლერ ოსლო” იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდის კალენდარი ასე გამოიყურება:
საქართველო – ბოლერ ოსლო 17:00, 10 მარტი
ტარტუ – საქართველო 14:00, 11 მარტი
საქართველო – რეინარი 21:30, 11 მარტი
საქართველო – აუდიენტასი 12:30, 13 მარტი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ილია სულაძე, ნიკოლოზ კობაიძე, ლუკა ტაბაღუა, გიორგი ნიკოლაევი, შიო შიოშვილი, დავით ვაშაკიძე, გერა ჭეიშვილი, დავით მირზაშვილი, ლუკა ლომიძე, ავთანდილ ხანიშვილი, თენგო ენუქაშვილი, მამუკა ასათიანი
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე
მწვრთნელის ასისტენტი: ლევან ტყეშელაშვილი
ექიმი: გიორგი ცინცაძე, მენეჯერი: გივი სანაძე