18 მოხსნა! ზაზა ფაჩულიამ

ზაზა ფაჩულიამ კარიერის საუკეთესო თუ არა, საკუთარი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა. სწორედ მისი დიდებული თამაშის წყალობით მოუგო „ატლანტა ჰოუქსმა“ პლეი ოფის სერიის გასვლითი მატჩი „მაიამის“ და საწყის შეხვედრებში დაკარგული მოედნის უპირატესობა დაიბრუნა.
ეს იყო ატლანტელებისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. მთელი ის ჯაფა და ლამაზი გამარჯვებები, რომელიც „ქორებმა“ მიმდინარე სეზონში მოიპოვეს, თითქმის წყალში იყრებოდა, რაკი წაგების შემთხვევაში „მაიამი“ სერიაში 3:1 დაწინაურდებოდა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი გამარჯვებაღა ჰყოფნიდა. ატლანტელებს კი ზედიზედ სამი მატჩი უნდა მოეგოთ, რაც ასეთ თანაბარ გუნდების ჯახში თითქმის გამორიცხული გახლდათ.
პლეი ოფში თამაშს თავისი სპეციფიკა აქვს და თუ გამოცდილი არ ხარ,  ძალიან ძნელია თითოეული ქულის, მოხსნის თუ ნებისმიერი მარგი სტატისტიკური მაჩვენებლის მოხვეჭა. სწორედ ასეთ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში გაიმეორა ზაზამ მოხსნებში პირადი რეკორდი. ფაჩულიამ 18–ჯერ მოიხელთა ფარიდან ასხლეტილი ბურთი, რაც ძალიან ბევრია სათადარიგოსთვის და ამ შედეგზე ხელს ნებისმიერი ვარსკვლავიც კი მოაწერდა.
ფაჩულიას არ დაუწყია ეს მატჩი ხუთეულში, მაგრამ მოედანზე გავიდა თუ არა, ისეთი ბრძოლა გააჩაღა, რომ ატლანტელთა თავკაცმა მაიკ ვუდსონმა ის მოედანზე ხანგრძლივად დატოვა და მთლიანობაში ზაზამ 34 წუთი ითამაშა. „ქორების“ ძირითად ცენტრ ალ ჰორფორდს არც ტრავმა მიუღია და არაფერი, თუმცა მისი ადგილი მოედანზე აღარ მოინახა, რაკი ქართველი ცენტრი სასწაულ იშტაზე იყო და რომ იტყვიან, ყველა აცილებულ ბურთს ხსნიდა.
მხოლოდ მოხსნა არ ყოფილა ზაზას საბრძოლო იარაღი – მან 8 ცდიდან 5 ბურთი ჩააგდო თამაშიდან, რასაც 4–დან 2 საჯარომოც მიაბა და 12 ქულა დააგროვა. ანუ ზაზამ მიმდინარე საპლეიოფო სერიაში მეორე ორმაგი დუბლი გამოაცხო – პირველი მან სერიის გახსნის მატჩში მიითვალა, როცა 10 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა..
„ზაზას მარჯვენა თვალი ჩაშავებული ჰქონდა, ხოლო სახესა თუ ტანზე ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები არ აკლდა – ასე იწყებს ამ მატჩის რეპორტაჟს ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ვებ–გვერდი yahoo.com-ი, რომელმაც ფაჩულია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა – ფაჩულია მოედანზე სანამ შევიდოდა, იქ სიწყნარე იყო, მერე კი ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა“.
„ატლანტას“ მწვრთნელი მაიკ ვუდსონი: „ზაზა იყო დიდებული მთელი თამაშის განმავლობაში. მისი 18 მოხსნა და 12 ქულა ჩვენ ძალიან დაგვეხმარა, რათა სერიაში თავი გადაგვერჩინა“.
ერთი სიტყვით, ზაზა ფაჩულიას ძალისხმევით „ატლანტამ“ 81:71 დაამარცხა „მაიამი“ და სერიაში მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. მომდევნო მატჩი 30 აპრილს, გამთენიისას, ატლანტაში გაიმართება.
 

ფაჩულია მაიამელთა გარემოცვაში
 

თვალჩაშავებული ფაჩულია ბრძოლიდან
გამარჯვებული გამოვიდა