დასრულდა 18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგა, რომელმაც ჩემპიონთან და პრიზიორებთან ერთად A ლიგის საგზურის 1 მფლობელი გამოავლინა. ჩემპიონი გახდა ჰიუნდაი 2, რომელმაც ფინალურ, 2-მატჩიან სერიაში რუსთავი 2 დაამარცხა. სერიის პირველი მატჩი ჰიუნდაიმ 14 ქულის სხვაობით მოიგო, ხოლო მეორეში რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს, აღნიშნული ჩამორჩენის გაბათილებას ეცადნენ, მაგრამ ამაოდა. საპასუხო მატჩი რუსთაველთა გამარჯვებით – 69:64 (სტატისტიკა) დასრულდა, თუმცა სერია და შესაბამისად ჩემპიონობა ჰიუნდაიმ მოიგო.
ვერც ჰიუნდაიმ და ვერც რუსთავმა A ლიგის საგზურები ვერ მოიპოვეს, რადგან ამ საკალათბურთო სკოლებს უკვე ჰყავთ უმაღლეს ლიგაში წარმომადგენელი. A ლიგაში გადავიდა “აკადემია”, რომელმაც მესამე ადგილისთვის სერია ზაზა ფაჩულიას აკადემია 2-თან დათმო. სერიის მეორე, გადამწყვეტი მატჩი ფინალამდე გაიმართა. აკადემიას სერიის პირველი შეხვედრა 2 ივნისს 66:61 ჰქონდა მოგებული, თუმცა ეს უპირატესობა მეორე მატჩში ვერ შეინარჩუნა. ზფა-მ მატჩი 85:72 (სტატისტიკა) მოიგო და B ლიგის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. აკადემიას იმის გამო მოიგო ერგო A ლიგის საგზური, რომ ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავა იმ გუნდებს შორის, რომელსაც უმაღლესში წარმომადგენელი არ ჰყავს.
მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე პრიზიორი გუნდები შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდნენ. გუნდები მედლებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი მარხვაშვილმა დააჯილდოვა, რომელმაც ჰიუნდაელთა კაპიტან დანიელ გუჯაბიძეს საჩემპიონო თასი გადასცა.