საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში სლოვაკეთთან წააგო ხოლო დღეს ჯგუფის მეორე მატჩიც დათმო, რომელშიც მეტოქედ უნგრეთის ნაკრები ჰყავდა.
სლოვაკეთთან მატჩი ჩვენმა გუნდმა 22 ქულით – 55:77 (სტატისტიკა) დათმო, არადა, პირველი ნახევრის შემდეგ 36:34 იგებდა. მესამე პერიოდიდან ქართველებს გეგმები აერიათ, სლოვაკეთმა კი გაქცევა მოაწყო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა. ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ აბულაძემ დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 11 ქულა და 5 მოხსნა ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზე დაგროვდა.
რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველები უნგრეთს მთელი თამაშის მანძილზე ებრძოლნენ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ. შეხვედრა მადიარების გამარჯვებით – 91:80 (სტატისტიკა) დასრულდა. საქართველოს ნაკრებში 19 ქულით ავთანდილ ბახტაძე გამოირჩა. 18 ქულა გეგა წულაიას ანგარიშზე დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებს 6-გუნდიანი ჯგუფიდან გასვლის შანსი დარჩენილი აქვს, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული აღარაა. წინ კიდევ 3 მატჩია – 23 ივლისს ალბანეთთან, 25-ში – მონტენეგროსთან და 26-ში – ბოსნიასთან.