20–წლამდელთა მორიგი ტურის 2 მატჩი ვერ გამოდგა იმდენად საინტერესო, რომ მაყურებელს დაძაბული ბრძოლა ეხილა. თსუ–მ ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა „მაკაბი“, ხოლო „სოხუმმა“ სტუ–ს პირველი მარცხი აგება.
მიმდინარე ჩემპიონატის ორადორი დაუმარცხებელი გუნდი სწორედ სტუ და „სოხუმი“ გახლდათ და მათი შერკინებაც, სავარაუდოდ, საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ… ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა სოხუმელებმა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს შანსი არ დაუტოვეს და მთელი 25 ქულის სხვაობით მოუგეს.
სოხუმელთაგან გიგა მეხრიშვილი, ზურაბ მაჩალაძ, დავით კორძაძე გამოირჩნენ. საერთოდ, ჩერქეზიშვილის დამოძღვრილმა სოხუმელებმა საკმაოდ გუნდური თამაში აჩვენეს, რითაც მეტოქეს წარმატების შანსი არ მისცეს. სტუ უფრო მობილური, სწრაფ კალათბურთზე ორიენტირებული გუნდია. გია ტეტელაშვილს შემადგენლობაში არ ჰყავს გამორჩეულად მაღალი კალათბურთელი და ტექნიკოსებიც აქცენტს უფრო უკანახაზელებზე, მათ შრეულ მიზანზე და სისწრაფეზე აკეთებენ. თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ეს კარგად გათვალა და სტუ–ელებს შორიდან სროლის შესაძლებლობა შეუზღუდა, სისწრაფეში კი სოხუმელები არ ჩამორჩნენ მეტოქეს, რასაც მწყობრი დაცვაც დაემატა და საბოლოოდ დიდი სხვაობაც დაფიქსირდა – რა თქმა უნდა, „სოხუმის“ სასარგებლოდ.
ზურა მაჩალაძე ბურთს სტუ–ს კალათში “აჭედებს”
რაც შეეხება „მაკაბი“ – თსუ–ს მატჩს, აქაც დაახლოებით იგივე სცენარი გათამაშდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა ჯამლეტ ხუხაშვილის გაწვრთნილი „მაკაბი“. შეიძლება ითქვას, რომ მაკაბელებს ტანმაღალი მოთამაშეების ხარჯზე (გიორგი რევაზაშვილი, გიორგი ფერიაშვილი) ფარქვეშ გარკვეული უპირატესობა ჰქონდატ, მაგრამ ეს არაფერი იყო მთლიანად თამაშის სცენართან, რომელიც თსუ–ს მიერ იყო დაწერილი და, რაღა თქმა უნდა, სტუდენტების კარნახით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით – 86:62 დასრულდა.
საერთოდ, ყველამ იცის, რომ „მაკაბი“ გიორგი რევაზაშვილზეა აწყობილი. მაკაბელთა უკანახაზელები ცდილობენ, რომ ბურთი მათ ცენტრალურ თავდამსხმელ რევაზაშვილს მიაწოდონ და საქმე გაკეთებულად ჩაეთვლებათ, თუკი პასის მიმღები ფარის სიახლოვეს ხელსაყრელ სიტუაციაში იქნება. ახალი წლის მერე „მაკაბის“ მეორე ტანმაღალი, გიორგი ფერიაშვილი დაემატა, რამაც ცოტა შეანელა რევაზაშვილის ბომბარდირული პროგრესი. თუკი აქამდე მატჩის მთავარი მექულე, უმეტესწილად, რევაზაშვილი გამოდიოდა, აღნიშნული შეხვედრის ბომბარდირი თსუ–ელი ფორვარდი ზურაბ მაისურაძე გახდა, რომელმაც 34 ქულა მოაგროვა, ხოლო „მაკაბის“ სნაიპერი 31 ქულას დასჯერდა.
ამ შედეგების გათვალისწინებით ცხრილში ვითარება შეიცვალა და პირველ–მეორე ადგილებს თსუ (3 მოგება 1 წაგება) და „სოხუმი“ (3 მოგება, 0 წაგება) ინაწილებენ.