დასანანი მარცი განიცადა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა. იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ბოლონიელები ტრევიზოს ესტუმრნენ და შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში, 1 ქულით – 88:89 დათმეს. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. სერჯო სკარიოლოს გაწვრთნილი გუნდი იგებდა, ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლოს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მარცხი განიცადა.
თორნიკე შენგელია ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო: 26 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 13-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი 16 გამოდგა.
შენგელია 21 ქულით მატჩის საუკეთესო მექულე იყო ტრევიზოს კალათბურთელ ადრიან ბანკსთან ერთად, თუმცა, თორნიკეს კარგი თამაში ბოლონიელებს მოგებაში ვერ დაეხმარა.
ამ წაგებით ვირტუსმა ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა (22-7 მოგება/წაგების ბალანსი). ბოლონიელებს ოლიმპია მილანო გაუთანაბრდა. შენგელიას კალათბურთელის გუნდი მომდევნო ტურში 7 მაისს, ვარეზეს უმასპინძლებს.