საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატი დღეს, 6 მატჩით დაიწყო

საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატი დღეს, 6 მატჩით დაიწყო

დღეს დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი 22-წლამდელთა შორის, რომელშიც სუპერლიგის არაერთი მოთამაშეა. ასეც რომ არ იყოს, ზრდასრული ახალგაზრდების კალათბურთი საინტერესო სანახავია და მაყურებელს არაერთი დაძაბული, თვალსასეირო მატჩი ელის. წლევანდელ ჩემპიონატში რეკორდულად ბევრი – 22 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. 

A ჯგუფი – ქუთაისი, გურჯაანი, რუსთავი 2, ელიტ აკადემია, ჰიუნდაი, სტუ, სოხუმის კოლხა, დინამო.

B ჯგუფი – რუსთავი, ბასკო, თსსუ, სპორტუნი, ორბი, ვსა, დრიმჩეისერსი, ზფა.

ჯგუფებში 2 წრე (გასვლა-სახლის პრინციპით) ჩატარდება, რის შემდეგაც თითოეულიდან პლეი ოფში (მეოთხედფინალში) 4 საუკეთესო გადაინაცვლებს. პლეი ოფამდე ჯერ შორია, დღეს ტურნირის 6 მატჩი ჩატარდა: 4 თბილისი არენაზე, 2-იც ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში. მატჩების შედეგებს ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის, შედეგების განყოფილებაში, წარმოდგენილ ბმულზე ნახავთ, ჩვენ კი რამდენიმე გამორჩეულ შედეგზე გავამახვილებთ ყურადღებას.

40 ქულა ჩააგდო დრიმჩეისერსის უკანახაზელმა, ლუკა ტაბაღუამ, რასაც ჩაროზად 10 მოხსნა და 5-5 ჩაჭრა-პასიც მოაყოლა, მაგრამ თავისი გუნდი დამარცხებისგან ვერ იხსნა. გამარჯვება დარჩა უფრო გუნდურად მოთამაშე “ორბს”. საბა გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 97:85 დაამარცხა და ქულები ორბელთა შორის მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. 24 ქულით ვალერი სუმბაძე გამოირჩა, 19 ქულა ჰქონდა კახაბერ იაგორაშვილს, ნიკოლოზ თოთლაძის ანგარიშზე 16 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ყველაზე სარგებლიანი კი ორბის შემადგენლობაში დავით კობიაშვილი იყო – 14 ქულა, 7 მოხსნა და სროლათა მაღალი პროცენტულობა. 

საინტერესო იყო დინამოსა და გურჯაანის დელტას მატჩი. კახურ გუნდს ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა და გამარჯვებასთანაც არ იყო შორს, თუმცა დინამოელებმა გიორგი ქოზაშვილის ლიდერობით ჩინებულად ითამაშეს და სეზონის პირველივე მატჩში გამარჯვება გაიფორმეს – 84:73.

ბრძოლა იყო ჩემპიონატის 2 ფავორიტ გუნდს შორის – სპორტუნი ზაზა ფაჩულიას აკადემიის წინააღმდეგ. სპორტუნიმ ბოლო წუთებზე მოპოვებული ლიდერობით გაიმარჯვა, რაც მთელი გუნდის, განსაკუთრებულად კი ივანე ბაბუნაშვილის დამსახურებაა. 20 წლის ახალგაზრდამ, რომელიც სუპერლიგის გუნდ კსუ-ში ირიცხება, 29 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

29 ქულა მიითვალა მასზე 4 წლით უმცროსმა ზაზას აკადემიელმა მათე ყავლაშვილმა, რომელიც ასევე სუპერლიგაში, თსუ-ს შემადგენლობაში თამაშობს. მათემ საკუთარი შესაძლებლობები დუდუ დადიანის მემორიალზე, თსუ-ს შემადგენლობაში უკვე გამოაჩინა და 22-წლამდელთა ჩემპიონატში თავისი გუნდის ლიდერია. წინ ბევრი მატჩია და როგორც მას და ზფა-ს, ისე ტურნირის ყველა მონაწილე ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი მატჩი ელის.

შემდეგი ტურის მატჩები 25, 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება.