იტალიის სერია A-ს ოფიციალურ ვებ გვერდზეც თორნიკე შენგელიას ფოტოა გამოსახული წარწერით – “შეუჩერებელი”. შენგელია მართლაც შეუჩერებელია: ვირტუს ბოლონიას ქართველი ფორვარდი ისეთ ფორმაშია, 2 თვეა, MVP-ის ტიტუს თითქმის არავის უთმობს. თოკო დამსახურებულად გახდა ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე ევროლიგაში და დიდი ალბათობით, იგივეს გაიმეორებს ნოემბერშიც. შენგელიამ სერია A-ს მორიგ მატჩში ისეთი სტატისტიკა აჩვენა, დიდი ალბათობით ტურის MVP გახდება.
ვირტუსმა ბოლონიაში ბრეშას უმასპინძლა და 88:76 რომ დაამარცხა, ქართველი ფორვარდის უდიდესი დამსახურებაა. შენგელიამ 26 წუთში 26 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 35-ს უწია და ცხადია თოკო აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
შეხვედრის ბომბარდირი ბრეშიას მცველი სი ჯეი მასინბერგი გახდა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, თუმცა საერთო სარგებლიანობით ის თოკოს 4 ერთეულით ჩამორჩა. ვირტუსის რიგებში შენგელიას შემდეგ ყველაზე მეტი, 19 ქულა ლუნდბერგმა ჩააგდო. მარკო ბელინელიმ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.
8 ტურის შემდეგ მოპოვებული 7 გამარჯვებით ვირტუს ბოლონია ლიგა A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია. მომდევნო შეხვედრას იტალიური გუნდი ევროლიგაში გამართავს და 23 ნოემბერს საშინაო კედლებში თურქულ ფენერბაჰჩეს მიიღებს.