3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო

3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
3×3 საკალათბურთო სეზონი საშემოდგომო სერიებით დაიწყო. ეს გახლავთ 2 ტურნირისგან შემდგარი საკალათბურთო ფესტივალი სახელწოდებით 3×3 FALL 2026, რომლის პირველი ტურნირი 8 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ გათამაშებაში ასაკობრივი ცენზი არ ყოფილა დაწესებული და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ იმ მსურველს შეეძლო, რომელიც სარეგისტრაციო პირობებს აკმაყოფილებდა.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 4 ჯგუფში (Pool A, Pool B, Pool C, Pool D) განაწილდნენ. საკუთარ ჯგუფებში ასპარეზობა 100-პროცენტიანი შედეგით, 2-დან 2 მოგებით დაასრულეს და პირველი ადგილები დაიკავეს გუნდებმა: argo (Pool A), ALL IN (Pool B), Space Jam (Pool C) და Saints (Pool D).
ნახევარფინალურ ეტაპზე პირველი წყვილი argo-სა და Saints-ს შორის შედგა, სადაც argo-მ მეტოქეს დაჯერებულად, 15:9 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ALL IN და Space Jam დაუპირისპირდნენ — დაძაბულ ბრძოლაში ALL IN-მა 19:15 იმარჯვა და სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
გადამწყვეტი, ფინალური მატჩი argo-სა და ALL IN-ს შორის საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, argo-მ 21:17 სძლია მეტოქეს და 3×3 FALL 2026-ის პირველი ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ჩემპიონი გუნდის, argo-ს ღირსებას გიორგი ბართაია, ვაჩე ფარულავა, ნიკოლოზ შერაზადიშვილი და ზურაბ შერაზადიშვილი იცავდნენ. ვიცე-ჩემპიონ ALL IN-ის შემადგენლობაში კი თემო კაპანაძემ, ლუკა კუჭუხიძემ, დონოვან სეინმა (Donovan Saine) და საბა შარვაშიძემ ითამაშეს.
ტურნირის დასრულების შემდეგ საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები შესაბამისი ფულადი სერთიფიკატებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასულმა „argo“-მ 1000 ლარი მიიღო, მეორეადგილოსან „ALL IN“-ს 800 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 500 ლარით დაჯილდოვდა. 3×3 FALL 2026-ის ფესტივალის ეგიდით კიდევ ერთი ტურნირი გაიმართება, რომლითაც საშემოდგომო სერია დასრულდება.