საქართველოს კაცთა და ქალთა 3×3 კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზეს. ღონისძიება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა, სადაც 7 კაცთა და 7 ქალთა ნაკრები შეიკრიბა და თითოეულმა ევროპის თასის 2 საგზური გაითამაშა.
ქალთა ნაკრებმა სამივე შეხვედრა დათმო. მასპინძელ რუმინეთთან 8:20, დიდ ბრიტანეთთან 4:22 და ლატვიასთან 3:21. ჩვენი გუნდის ღირსებას იცავდნენ ნატალია ოთხმეზური, ეკატერინე წივწივაძე, ანა ქავთარაძე და თამარ პაპუაშვილი. ნაკრებს ქალთა კალათბურთის სპეციალისტი, ლელა ცანავა წვრთნიდა. ქართველებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს და საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.
კაცთა ნაკრებმა ჯგუფში გამართული 3 მატჩიდან 1 მოიგო, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენი ნაკრების წევრები გახლდნენ – ნიკოლოზ დარბაიძე, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ლუკა ზაქრაძე და ანზორ ნადირაძე, რომლებსაც დავით გასიტაშვილი წვრთნიდა.
პირველი შეხვედრა ქართველებმა ისრაელთან 11:22 დათმეს. მომდევნო მატჩში თითქმის ანალოგიური რეზულტატით – 12:22 წააგეს, ხოლო დასკვნით შეხვედრაში სამაგალითო თამაში აჩვენეს და ერთ-ერთ ფავორიტ მონტენეგროს სძლიეს. მონტენეგროელებმა წინა შეხვედრებში საბერძნეთი 21:16 დაამარცხეს, ხოლო ისრაელთან დაძაბულ ბრძოლაში – 17:20 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებმა ბალკანელები დამაჯერებლად – 21:13 დაამარცხეს და ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა. ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო ისრაელმა, ხოლო მონტენეგრომ, საბერძნეთმა და საქართველომ სამიდან თითო მატჩი მოიგეს. მეორე და მესამე ადგილებზე შესაბამისად მონტენეგრო და საბერძნეთი გავიდნენ, რომლებმაც პლეი ოფში გადასასვლელად საკვალიფიკაციო მატჩებში მონაწილეობის უფლება მიიღეს. საქართველო ბოლო ადგილზე გავიდა იმის გამო, რომ 3 მატჩის ჯამში ყველაზე ნაკლები ქულა ჰქონდა მოპოვებული.