3x3spring2023-ის რიგით მე-4 ტურნირის გამარჯვებული გუნდი სიმონები გახდა

 3x3spring2023-ის რიგით მე-4 ტურნირის გამარჯვებული გუნდი სიმონები გახდა

3×3 კალათბურთის საგაზაფხულო თამაშების რიგით მე-4 ტურნირს უმასპინძლა ვერის ბაღმა. 3x3spring2023-ის აქამდე გამართული ტურნირები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, ასევე გოგონათა შორის გაიმართა. 21 აპრილს ჩატარებული შეჯიბრი კი 18 წლის ზემოთ ასაკში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ტრადიციულად 12-მა გუნდმა მიიღო.

ჩატარებული 1 წრის შემდეგ, თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა. გუნდები ასე დაწყვილდნენ: სიმონები v ოვერტაიმი, ებელა v ზერო ბაუნსი. ორივე მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და პირველ წყვილში სიმონებმა 19:17 გაიმარჯვა, ხოლო ებელამ 18:15 დაამარცხა მეტოქე.

ფინალშიც საკმაოდ დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. სიმონების შემადგენლობაში ლევან ლოლიშვილი, ბაჩი ალიბეგაშვილი, ლევან შეროზია და საბა სირაძე თამაშობდნენ, ხოლო ებელას ღირსებას ლევან ძინძიბაძე, საბა ებელაშვილი, ვახტანგ გუგულაშვილი და ლაშა მამფორია იცავდნენ.

დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება სიმონებს დარჩა, რომელმაც მეტოქეს 21:17 სძლია. გამარჯვებული გუნდი 500-ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა, ხოლო მეორეზე გასულს 300 ლარი ერგო. ფინალისტი გუნდები დააჯილდოვა ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ.

3x3spring2023-ის ფარგლებში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართება.