შავი ზღვის თასის გათამაშება საქართველოს ნაკრებმა და ზაზას აკადემიამ გამარჯვებით გახსნეს

შავი ზღვის თასის გათამაშება საქართველოს ნაკრებმა და ზაზას აკადემიამ გამარჯვებით გახსნეს

შავი ზღვის თასის გათამაშება საქართველოსა და აჭარის 15-წლამდელთა ნაკრებების მატჩით გაიხსნა. ტურნირის სადებიუტოშეხვედრაში მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა აჭარელები დამაჯერებელი სხვაობით – 108:62 დაამარცხა. 

თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა, რომლის დებიუტშიც ჯაბა ბაქრაქრაძის გაწვრთნილი აჭარელები იგებდნენ, თუმცა მალე სრული ძალით ამოქმედდა საქართველოს ნაკრები და მეოთხედის ბოლოს 11 ქულით – 26:15 დაწინაურდა. ამის შემდეგ ტურაშვილის გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე პრობლემა აღარ შექმნია. 

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 46 ქულის სხვაობით იმარჯვა. 19 ქულით ბომბარდირი ნიკა გულიაშვილი გახდა. გიორგი სულაბერიძემ 11 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა ლუკა ლურსმანაშვილის, ხოლო 16 – გუგა ნაცვლიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. აჭარის ნაკრებში 19 ქულით საუკეთესო იყო ლაშა ჩოხარიძე.

დღეს ტურნირის მეორე მატჩში ზაზას აკადემიამ დაძაბულ ბრძოლაში – 69:63 დაამარცხა კაუნასის “ჟალგირისი”. აკადემიელთაგან 12 ქულით, 12 პასით და 7 ჩჭრით საბა ფარღალავა გამოირჩა. 15 ქულა ჰქონდა საბა საბაურს, ლევან ფიცხელიანმა კი 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები ზაზას აკადემიას შეხვდება, ხოლო აჭარა – “ჟალგირისს”.

საქართველო U15  – აჭარა U15
სტატისტიკა: 108:62

ჟალგირისი – ზაზას აკადემია
სტატისტიკა: 63:69