გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში ზეშედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრის წინამძღოლობით “ტენერიფე იბეროსტარმა” “მანრესა” 85:70 დაამარცხა და შერმადინი, ცხადია, მატჩის MVP გახდა.
გიორგიმ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22:57 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 14-დან 10 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ შერმადინმა პირველ ტაიმში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო, შესვენების შემდეგ კი ის შეუჩერებელი გახდა: მე-3 ათწუთეულში 15 ქულა მიითვალა, მეოთხეში კი – 10. შერმადინის მოედანზე ყოფნის პერიოდში იბეროსტარმა მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 37-ს გაუტოლდა და დიდი შანსია, ქართველი ცენტრი მთლიანად 21-ე ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდეს.
ესპანეთის ჩემპიონატში გამართული 20 მატჩიდან იბეროსტარ ტენერიფეს 16 მოგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალს (17 გამარჯვება, 1 მარცხი) და ბარსელონას (16 -3) ჩამორჩება. ტენერიფელები მომდევნო მატჩს 30 იანვარს ჩაატარებენ, როდესაც შერმადინის ყოფილ კლუბ მორაბანკ ანდორას ესტუმრებიან.
შერმადინის ჰაილაითები მანრესას წინააღმდეგ