9 წუთში 8 ქულა – შესანიშნავი შედეგია, თუმცა გოგა ბითაისთვის ეს დრო საკმარისი არაა. ინდიანა პეისერსის ახალგაზრდა ქართველ ცენტრს მეტი სათამაშო დრო სჭირდება, რათა ნბა-ს გაეჩვიოს და ლიგის ვარსკვლავებს ფეხი აუწყოს, თუმცა გოგას მწვრთნელი ჯერ მხოლოდ ეპიზოდურად იყენებს და საქართველოს წარგზავნილიც ყოჩაღობს.
ინდიანა პეისერსი ბოლო დღეებში ზედიზედ მეორედ სტუმრად დაუპირისპირდა შარლოტ ჰორნეტსს და წინა თამაშისგან განსხვავებით, ამჯერად დამარცხდა – 105:108.
გოგამ მოედანზე 9:13 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულა მოუტანა. ბითაძემ მეტოქის ფარს 2-ქულიანიდან სულ 4-ჯერ შეუტია და ყველა ჯერზე წარმატებულად. მის ანგარიშზე ასევე საკუთარ ფარზე 2 მოხსნა და 1 ჯარიმა იყო.
უპირატესობას ძირითადად შარლოტ ჰორნეტსი ფლობდა, თუმცა თამაშის მიწურულს ინდიანასაც მიეცა რეალური შანსი. სტუმრებმა ბოლო მეოთხედი 25:19 მოიგეს და თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 103:102-ს იგებდნენ მას შემდეგ, რაც ჯერემი ლემბმა 3-ქულიანი ჩააგდო, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლება ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდეს და ამით მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.
მოედანზე ყველაზე შედეგიანი ინდიანას ლიეტუველი ფორვარდი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა – 21 ქულა, 11 მოხსნა. სტუმართა რიგებში 21 და 20 ქულა, შესაბამისად, მალკოლმ ბროგდონსა და მაილს ტერნერს ჰქონდათ. გამარჯვებულთა შორის 19-19 ქულით ტერი როზირი და პი ჯეი ვაშინგტონი გამოირჩნენ. ორმაგი დუბლი ჰქონდა დევონტე გრემს – 14 ქულა, 10 პასი.
ინდიანა 19 მატჩში მოპოვებული 11 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ თებერვალს, შინ ფილადელფიასთან ჩაატარებს. შარლოტ ჰორნეტსი 19 მატჩში 8 მოგებით ამავე კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს.