70 წელი პირველი დიდი ტიტულის მოგებიდან – იხსენებს ვაჟა გვანცელაძე

70 წელი პირველი დიდი ტიტულის მოგებიდან – იხსენებს ვაჟა გვანცელაძე

გასულ თვეში 70 წელი შესრულდა იმ მნიშვნელოვანი მიღწევიდან, რომელსიც საქართველოს ნაკრებს ეკუთვნის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართულ პირველ მასშტაბურ შეჯიბრებაზე, საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ეს წარმატება რეალურად საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის ტოლფასი გახლდათ. 

შეჯიბრება ქალაქ ოდესაში გაიმართა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახლდათ ალეკო (კიჭი) მესხი, ხოლო მოთამაშეები ჰეტო აფაქიძე, დათო გოძიაშვილი, ვაჟა გვანცელაძე, ნოდარ გიორგობიანი, გივი რუხაძე, ვახტანგ ანანიაშვილი, თენგიზ მეძმარიაშვილი და ვასკილა აზაურაშვილი. 

აღნიშნული მიღწევის შესახებ, ასევე სხვა საინტერესო თემებზე ბატონი ვაჟა გვანძელაძე გაზეთ ლელოს ესაუბრა. კარიერის დასრულების შემდეგ იგი სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, შინაგან სნეულებათა თერაპევტია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი ჰყავს. კალათბურთი არც ბატონი ვაჟას შთამომავლებისგანაა შორს: ნიკა მეტრეველს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი-2013 აქვს ნათამაშები, ხოლო შვილთაშვილი ოთარ სულაკაური 15-წლამდელთა ნაკრების წევრია.

– მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, პირველი დიდი შეჯიბრება, სადაც საქართველოს სახელით გავედით ახალგაზრდული სპარტაკიადა იყო. მასში სსრ კავშირის ყველა რესპუბლიკა მონაწილეობდა და ჯგუფში თითოეული მატჩი დამაჯერებლად მოვიგეთ. ფინალში ესტონეთის ნაკრები შეგვხვდა, რომელთან თამაშიც ფრედ დასრულდა და ჩემპიონები ქართველები გავხდით, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ესტონელებზე უკეთესი შედეგები გვქონდა ნაჩვენები.

როგორც ვაჟა გვანცელაძემ გვითხრა, გუნდს მიხეილ კეკელიძე ამზადებდა, თუმცა შეჯიბრებაზე მის ნაცვლად ნაკრები კიჭი მესხმა გაიყვანა. ქართველებს 1950 წელსაც ჰქონდათ ამავე ტურნირის მოგების მშვენიერი შანსი, მაგრამ…

– ჯგუფური ეტაპი კარგად დავიწყეთ. ბოლო მატჩში, სადაც ფინალისტის ვინაობა უნდა გარკვეულიყო, ისევ ესტონელებს ვეთამაშებოდით. დავმარცხდით. მიზეზს არ იკითხავთ? – თურმე ჩვენს ცენტრ ტოლია კალმიკოვს ქათმის სიბრმავე ჰქონია, არ გაგვაფრთხილა, მატჩი კი ღია ცის ქვეშ იმართებოდა და რომ შებინდდა, ვეღარ ითამაშა…

ამ გუნდიდან ოთხი კალათბურთელი, გვანცელაძე, გოძიაშვილი, რუხაძე და მეძმარიაშვილი თბილისის “დინამოში” გადაიყვანეს და წარმატებული სვლა გაგრძელდა.

– ჩემპიონობით დავიწყე და ჩემპიონობით დავასრულე. “დინამოში რომ მივედი, გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. ეს იყო 1950 წელს, ხოლო კარიერის ბოლო სეზონში, 1959 წელს კვლავ მოვიგე საბჭოეთის პირველობა. მას მერე მთლიანად ინსტიტუტზე გადავერთე. თავიდანვე მიზიდავდა მედიცინა და არანაკლებ წარმატებული სამედიცინო კარიერა გამომივიდა.

ვაჟა გვანცელაძეს ვაჟი არ ჰყავს. ამიტომ, მოთმინებით ელოდა ვაჟ შვილიშვილებს, რომ მათთვის კალათბურთისკენ ებიძგებინა.

– ჩემს ეზოში სხვადასხვა სიმაღლის რამდენიმე ფარია. ყველა ასაკის ბავშვისთვის. ყოველთვის მინდოდა შვილიშვილები და შვილთაშვილები კალათბურთით ყოფილიყვნენ დაკავებულები. საქმეს სამედიცინო კუთხით შევხედოთ: ახალგაზრდა, განსაკუთრებით ის, რომელიც ქალაქში ცხოვრობს, აუცილებლად უნდა იყოს სპორტში ჩართული. მის კუნთებს მოძრაობა სჭირდება – ადამიანი, რომელიც მეტს მოძრაობს, მეტს შრომობს, მეტსაც ცოცხლობს. გარდა ამისა, როდესაც სპორტით ხარ დაკავებული, ნაკლები ალბათობაა ყურადღება გაგექცეს ნარკოტიკებისკენ ან სხვა ცუდი ჩვევებისკენ… თუ პროფესიონალი სპორტსმენი არ გამოვა, კალათბურთი ხომ ეცოდინება და მოყვარულის დონეზე ხშირად ითამაშებს. ეს უკვე ჯანმრთელი ცხოვრების წესია.

მოკლე, მაგრამ საინტერესო განმარტებაა, რატომ უნდა დავაინტერესოთ ბავშვები სპორტით. თავის ეზოში, სხვადასხვა სიმაღლის ფარებზე გაზრდილ პატარებს ვაჟა გვანცელაძე დარბაზებშიც დაჰყვება. ვაჟა გვანცელაძე დღესაც ოლიმპიურ სასახლეში იყო, სადაც მისი შვილიშვილის, ნიკა მეტრეველის “თსუ-ჰიუნდაიმ” “ბათუმს” სძლია, დუდუ დადიანის მემორიალზე 4 მატჩიდან 3 მოგება დააგროვა, თუმცა ფინალში ვერ გავიდა.