NBA-ს მოქმედი ჩემპიონის, მილუოკი ბაქსის 6-მატჩიანი მოგებების სერია ოკლენდში შეწყდა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა გოლდენ სტეიტ უორიორზთან პრაქტიკულად უშანსოდ წააგო – 109:122.

ანგარიშში სხვაობა უფრო მეტიც იქნებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში გოლდენ სტეიტმა ძალების დაზოგვაზე იფიქრა. ფანტასტიკური იყო კლეი ტომპსონი, რომელმაც 38 ქულა დააგროვა და მატჩის ბომბარდირი გახდა. მან 14-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და გამარჯვებაში ყველაზე სოლიდური წვლილი შეიტანა.

5 სამქულიანით და 30 ქულით გამოირჩა ჯორდან პული, ხოლო სტეფ კარიმ მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ, 14 ქულა მიითვალა. სხვათა შორის, გოლდენ სტეიტში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ 4 კალათბურთელი გადასცდა – ზემოხსენებული სამეულის გარდა, ენდრიუ ვიგინსი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

მილუოკის იანის ანტეტოკუნმპომაც ვერ უშველა, რომელიც თანაგუნდელთა შორის ქულებშიც (31) და მოხსნებშიც საუკეთესო იყო (8), მაგრამ ბერძენ კალათბურთელს თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს. 18 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი დააგროვა კრის მილდტონმა, 15 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა თამაში სერჟ იბაკამ.

ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმაც, თუმცა მხოლოდ 3:26 წუთით. ხსენებულ მწირ დროში ქართველმა კალათბურთელმა 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა, მან ერთადერთი სამქულიანი ისროლა და ისიც ზუსტად.

მილუოკი ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 42 მოგებით და 26 წაგებით მხოლოდ მაიამი ჰიტს ჩამორჩება, 15 მარტს კი, იუტა ჯაზს სტუმრად დაუპირისპირდება.