“ა” ლიგაში ორბი და ზესტაფონი დაწინაურდნენ

“ა” ლიგაში ორბი და ზესტაფონი დაწინაურდნენ

საკალათბურთო “ა” ლიგის მე-4 ტური თბილისსა და თელავში გაიმართა. 2 მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, სადაც ძალიან დაძაბულ პირველ შეხვედრაში “მეგამ”  78:77 (სტატისტიკა) დაამარცხა “სპორტუნი”. შეხვედრის მსვლელობისას სპორტის უნივერსიტეტელები 15 ქულითაც იგებდნენ, თუმცა მეგამ მესამე პერიოდიდან ლიდერობა მოიპოვა, რაც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.

გამარჯვებულებს 20 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით კრისშონ ორანჯმა ულიდერა. 14 ქულა და 14 მოხსნა გიორგი რევაზაშვილის ანგარიშზეა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა გიორგი მეცხოვრიშვილმა. სპორტუნიში 23 ქულით საუკეთესო იყო ჰავიერ ნიუსონი, გიორგი ცირიკიძემ კი 19 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 

“ა” ლიგის ლიდერმა “ორბმა” ყველა პერიოდი მოუგო და საბოლოო ჯამში 14 ქულით – 83:69 (სტატისტიკა) დაამარცხა “კავკასია”. ორბში 19 ქულით საუკეთესო იყო ტრავმიდან ფორმააღდგენილი ირაკლი მიქელაძე. ტაისონ სმიტმა გამარჯვებულებს 14 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი შესძინა. კავკასიაში საუკეთესო იყო ახალწვეული ალექს ფოსტერი, რომელმაც შეხვედრა 16 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

ტურის ბოლო შეხვედრა თელავში გაიმართა, სადაც “ზესტაფონი” ჩავიდა და “ბურჯს” დაძაბულ ბრძოლაში – 77:73 (სტატისტიკა) სძლია. გამარჯვებულთაგან 18 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით ოთარ ბულიავამ ულიდერა. 15 ქულა და 11 მოხსნა ჰერარდ შნაიდერის ანგარიშზეა. თელავში 20 ქულით ჯეიმს ედმონდი გამოირჩა.

მე-4 ტურის შემდეგ “ა” ლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს “ორბი”, რომელსაც 1 ქულით “ზესტაფონი” ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ 2 წრის შემდეგ საუკეთესო 4 გუნდი ნახევარფინალში გავა, ხოლო ფინალის მომგები გუნდი სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს. ფინალში დამარცხებულ გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი ექნება, რომელიც საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა გუნდს დაუპირისპირდება.