“ა” ლიგის დრამა: თელავმა და ორბმა ბოლო წამებზე მოიგეს და გალიდერდნენ

“ა” ლიგის დრამა: თელავმა და ორბმა ბოლო წამებზე მოიგეს და გალიდერდნენ

ემოცია, დაძაბულობა, ოვერტაიმი, მატჩის გადამწყვეტი სროლა – ის, რითაც კალათბურთი ფასობს, ყველაფერი დაიტია “ა” ლიგის მეორე ტურმა, რომელიც დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ლიგა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყურებადია იმ ტურნირებს შორის, რომელიც საქართველოში იმართება. მხოლოდ “სპორტუნის” ჰყავს ერთი ლეგიონერი და შედარებით ჩამორჩება ლიგის დანარჩენ წევრებს, რომელთა შორისაც ძალთა ისეთი თანაბრობაა, რომ ვინ ვის დაამარცხებს, წინასწარ თქმა ურთულესია.

დღეს გამართული მე-2 ტურის 3 მატჩიდან არც ერთი არ ყოფილა უინტერესო. პირიქით – 2 მატჩი ისეთი დაძაბული და თვალსასეირო გამოვიდა, მისი ყურება კალათბურთის ჭეშმარიტ გურმანს დიდ სიამოვნებას მოჰგვრიდა. ის მესამე მატჩიც, რომელშიც “სპორტუნი” “კავკასიასთან” 75:88 (სტატისტიკა) დამარცხდა, არ ყოფილა უინტერესო. სპორტის უნივერსიტეტელებმა, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. პირველი პერიოდის შემდეგ 14 ქულით ჩამორჩენილებმა მესამე მეოთხედში დეფიციტი 3 ქულამდე აღმოფხვრეს, ბოლო ათწუთეულში კი მეტოქეს 6 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა გამარჯვებამდე ვერ მივიდნენ. როგორც აღვნიშნეთ, “სპორტუნის” მხოლოდ 1 ლეგიონერი ჰყავს და მთლიანად სტუდენტებით არის დაკომპლექტებული, თუმცა მებრძოლი ხასიათისგან გამომდინარე, ამ გუნდისგან მიმდინარე სეზონში სიურპრიზების შემოთავაზებაც არ იქნება მოულოდნელი.

მომდევნო 2 მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. “მეგას” და თელავის “ბურჯის” დაპირისპირების ბედი ბოლოწსინა წამზე გადაწყდა. თანაბარ ანგარიშზე თელაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა, კალინ დუპრემ საშუალო მანძილიდან, საფინალო სირენამდე 1.4 წამით ადრე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 92:90 (სტატისტიკა). არადა, მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა მეგას წევრებმა თითქმის შეუძლებელი მოახერხეს და ბოლოსწინა წუთზე 5 ქულით ჩამორჩენილებმა, საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 90:90. ეს კრისშონ ორანჟის დიდოსტატურ თამაშს მოჰყვა, რომელმაც ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი – სამიანი.

თელაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სოლიდური – 12-ქულიანი უპირატესობის გაფლანგვისა, რომელსაც მე-3 პერიოდის მიწურულს ფლობდნენ, არ მოეშვნენ და ძირითადად ამერიკელი ლეგიონერების ძალისხმევით, რომლებსაც ხელს ზაზა გაგნიძე და ლაშა დაღელიშვილი აშველებდნენ, გამარჯვებამდე მივიდნენ. დეშონ ფრენსისის ზეშედეგიანი თამაშის წყალობით “მეგამ” 12-ქულიანი ჩამორჩენა ბოლო პერიოდის დასაწყისშივე გააბათილა. აღსანიშნავია, ვეტერანი დავით მაისურაძის გარჯაც, რომელმაც ერთ ეპიზოდში, მიჯრით მითვლილი ქულების წყალობით,, წინ გაჭრილ თელაველებს კიდევ უფრო დაწინაურების საშუალება არ მისცა.

“ა” ლიგის სატურნირო ვითარება 2 ტურის შემდეგ

საბოლოოდ, მეტად მოტივირებულმა და დაბალანსებულმა “ბურჯმა” იმარჯვა, რომლის რიგებშიც მატჩის გმირ კალინ დუპრესთან (20 ქულა, 10 მოხსნა) ერთად კენდარიუს სმიტი (31 ქულა) და ჯეიმზ ედმონდი (15) გამოირჩნენ. სმიტმა 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი თელავურმა გუნდმა 14 შორი სროლა მიითვალა. “მეგაში” 35 ქულითა და 7 პასით დეშონ ფრენსისი გამოირჩა, დავით მასურაძის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.

ბოლო მატჩში ოვერტაიმი დაფიქსირდა. “ზესტაფონი” თითქმის მთელი თამაში უგებდა “ორბს”, რომელიც თამაშს ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგებდა და მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში ძირითადი დროის ბოლო პერიოდში მიიტანა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა ზესტაფონელები 10 ქულით – 66:56 იგებდნენ, თუმცა ლევან ფაცაციას გაწვრთნილმა “ორბმა” სუპერგაქცევა მოაწყო. ყველაფერი დანიელ ვესტბრუკის სამქულიანით დაიწყო, რომელსაც ტატო ზუზაძისა და ტაისონ სმიტის გარღვევები მოჰყვა. ზესტაფონელთა მწვრთნელმა – ნუგზარ ჭეიშვილმა წუთშესვენება აიღო, მაგრამ ვერაფერი შეცვალა. რილვან ბაკარეს ორქულიანის შემდეგ, ძირითადი დროის ამოწურვამდე 40 წამით ადრე “ორბი” 67:66 დაწინაურდა. 

დავით დეკანოიძემ ზუსტი სამქულიანით ზესტაფონელები კვლავ დააწინაურა, თუმცა ბაკარემ საპასუხო შეტევა საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე კვლავ ზუსტად დააგვირგვინა და ძირითადი დრო ფრედ – 69:69 დასრულდა. ოვერტაიმში ორბელთა შედეგიანი შეტევები გაგრძელდა – ბაკარემ, სმიტმა და ზუზაძემ ზუსტი სროლებით ფაცაციას გუნდი 79:70 ქულით დააწინაურეს, თუმცა ზესტაფონელებმა დეკანოიძის მორიგი სამქულიანითა და ლეგიონერების – დანიელ უილიამსისა და ადამ დუარტეს შედეგიანობით ჩამორჩენა ბოლო წამებზე 2 ქულამდე შეამცირეს. “ზესტაფონმა” მწყობრი დაცვის ხარჯზე გამთანაბრებელი შეტევის უფლებაც მოიპოვა, თუმცა ბოლო წამებზე “ორბის” საჯარიმოში შეჭრილ უილიამსს ბაკარემ დაუფარა და დროც ამოიწურა – 82:80 (სტატისტიკა)

გამარჯვებულთაგან ყველაზე სარგებლიანი ტაისონ სმიტი გახლდათ – 16 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა და 7 ჩაჭრა. 17 ქულა და 18 მოხსნა დანიელ ვესტბრუკმა მოაგროვა, ხოლო რილვან ბაკარეს ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. “ზესტაფონში” 24 ქულით, 21 მოხსნითა და 4 დაფარებით შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა ჰერარდ შნაიდერმა. 19 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი დააგროვა კრისტოფერ უილიამსმა, დავით დეკანოიძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.

2 ტურის შემდეგ “ა” ლიგას დაუმარცხებლად ლიდერობენ “ბურჯი” და “ორბი”. შემდეგი ტურის მატჩები 13 და 14 თებერვალს გაიმართება.