ახალგაზრდული ნაკრების საევროპო შემადგენლობა ცნობილია

 
ის შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე (16–26 ივლისი) გაემგზავრება, გარკვეულია. არადა, როგორც წინასწარ იყო ცნობილი, ძირითადი 12 მოთამაშე ტურნირის დაწყების წინა დღეებში უნდა დასახელებულიყო, მაგრამ დავით უსტიაშვილის გუნდი ტრავმებმა შეაწუხა და მაკედონიაში წამსვლელი შემადგენლობაც ნაადრევად გაირკვა.
ამ დღეებში ესპანეთში მენისკის ოპერაცია გაიკეთა ვალენსიურ „პამესას“ ქართველმა ცენტრმა გიორგი შარაბიძემ, რომლის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში თავისთავად გამოირიცხა. ფეხის ძველი ტრავმა გაურთულდა და ნაკრებს ვეღარ დაეხმარება კიდევ ერთი კანდიდატი, „სამედიცინოს“ ფორვარდი ირაკლი გაბისონია.
რაც შეეხება დავით მაისურაძეს, იგი უკრაინაში სწავლობს და გამოცდების გამო საქართველოში დროულად ვერ ჩამოვიდა, რის გამოც დავით უსტიაშვილს განკარგულებაში იმდენი მოთამაშე დარჩა, რამდენიც ევროპის ჩემპიონატზე განაცხადში უნდა ჰყავდეს. აი, ისინიც:
 
უკანახაზელები: ბექა წივწივაძე (სსაუ), დავით ნანიტაშვილი (დინამო), ზურაბ მაჭავარიანი (ენერჯი–ინვესტი), მალხაზ აბაიშვილი (ენერჯი–ინვესტი), ლევან ცეკვავა (ენერჯი–ინვესტი)
ფორვარდები: კოკა ტომარაძე (საბადელი, ესპანეთი), გიგა კვეტენაძე (ბარბერე, ესპანეთი), ლევან შენგელია (როდ აილენდი, NCAA, აშშ), თორნიკე შენგელია (პამესა, ესპანეთი), ტატო ჩაჩიბაია (სსაუ)
ცენტრები: ნიკა მეტრეველი (სიენა, იტალია), რიჩარდ მათიაშვილი (ავიამშენი)
 
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა პორტუგალიის, სლოვაკეთის, ლუქსემბურგისა და შვედეთის ნაკრებებთან ერთად. სულ ჩემპიონატში 19 გუნდი მონაწილეობს და ელიტარული A დივიზიონის საგზურს 2 საუკეთესო, ანუ ფინალში გასული გუნდები მოიპოვებენ.