საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც წინა სეზონი სუპერლიგის გუნდ “ცხუმ-აფხაზეთში” გაატარა, კარიერას ესპანურ “გრან კანარიაში” გააგრძელებს. 23 წლის ქართველი კალათბურთელი კუნძულელთა დუბლ-შემადგენლობაში, ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში, “LEB სილვერში” ითამაშებს.
“პირველ ეტაპზე „გრან კანარიას“ მეორე გუნდში ვითამაშებ, რომელიც ესპანეთის რიგით მესამე ლიგაში, „ლებ-სილვერში“ გამოდის. აქედან მთავარ გუნდში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი კალათბურთელის დამატება. თუმცა დავიმსახურებ თუ არა ადგილს პირველ გუნდში ჩემზე იქნება დამოკიდებული“ – აღნიშნა ალექსანდრე ფევაძემ.
ეროვნული ნაკრების წევრს ახლახან გამართული მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგებზეც ვკითხეთ, რაზეც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ევრობასკეტი 2022 წლის სექტემბერში იწყება, მანამდე საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის რვა შეხვედრა ელის. ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. ჩრდილოეთ მაკედონიაც და უკრაინაც კარგი გუნდებია. ესპანეთის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა ფიბა-სა და ევროლიგას შორის არსებული გაურკვევლობის გამო საწყის ოთხ მატჩში გუნდები ძლიერ შემადგენლობებს ვერ შეკრებენ. ბევრი რამ სწორედ შემადგენლობებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა საქართველოს ნაკრები ყველა მეტოქესთან გამარჯვებისთვის გამოდის. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზეც ჩვენი მიზანი მაქსიმუმის მიღწევა იქნება“.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის 4 მატჩში ფევაძე საშუალოდ 17,3 წუთში 5,3 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებდა.