ამაღამ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დრაფტია. პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგა ნიჭიერი მოთამაშეების ახალ შევსებას მიიღებს. დრაფტზე კანდიდატად დარეგისტრირებულია ასობით მოთამაშე, თუმცა მხოლოდ 60 მათგანს გაუღიმებს ბედი. წესის თანახმად, ნბა-ს 30-ივე კლუბი პირველ და მეორე წრეში თითო მოთამაშეს აირჩევს და ამით მათზე ფლობის უფლებას მოიპოვებს.
რა თქმა უნდა, არიან მოთამაშეები, რომლებსაც გარანტირებული აქვთ ნბა-ს კლუბში მოხვედრა. ესენი ძირითადად ამერიკის სტუდენტური ლიგის ლიდერები და არაამერიკელი ტალანტები არიან. დრაფტზე დარეგისტრირებულთა შორის არის 2 ქართველი – საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი და რუსთავში დაბადებულ-გაზრდილი, თუმცა ავსტრიის მოქალაქე გიორგი ბეჟანიშვილი. ორივე მათგანმა გასული წლები NCAA-ში გაატარა. სანდრო მამუკელაშვილს გამორჩეული სტატისტიკა და ტიტულები აქვს მოპოვებული. ის გახდა Big East-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშე. მამუკელაშვილი მატჩში საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 2.2 პასსა და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა. 211 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშემ წინა სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა და საშუალო სტატისტიკა 11.9 ქულიდან 17.5 ქულამდე გაზარდა.
„მეკობრეებთან“ ერთად ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მამუკელაშვილი NBA-ში გადასვლისთვის ემზადება. საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად ის მაიამიში დღეში სამჯერ ვარჯიშობდა. სეზონის შემდეგ ვარჯიშით, მისი მოძრაობა და სროლა უფრო დაიხვეწა, დაცვითი უნარები კი გაუმჯობესდა, რაც მან NBA-ის გუნდებს ვარჯიშებზეც აჩვენა.
სხვებთან ერთად დრაფტზე მდგარ ქართველებს ქომაგობს ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელიაც, რომელმაც მათი მხარდასაჭერი კომენტარი დღეს, ეროვნული ნაკრების ვარჯიშის წინ გააკეთა.
გთავაზობთ ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული ინტერვიუს სანდრო მამუკელაშვილთან:
– ნერვიულობ თუ არა დრაფტის გამო?
– ცოტა აღელვებული ვარ, მაგრამ ძალიან არა. ჩემი მშობლები ჩამოდიან მაგ დროს ორი დღით და ამ ყველაფრის გამო ოდნავ ვნერვიულობ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი რიგზეა.
– იქნება თუ არა შენთვის შვება, როცა წინასადრაფტო პროცესი დამთავრდება?
რა თქმა უნდა! დრაფტის პროცესი წელს შედარებით უფრო გრძელი იყო. სხვადასხვა გუნდებში ვარჯიში და მათგან შეფასებების მოსმენა ამაღელვებელი პროცესია, მე კი უბრალოდ მინდა, რომ გავიგო კარიერას სად გავაგრძელებ. მადლობელი ვარ, ახლა სადაც ვარ იმით, რადგან ბევრი ქართველი ამ ეტაპზე არ ყოფილა და ეს ძალიან კარგი გრძნობაა. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და გავდივარ ამ წინასადრაფტო პროცესს.
– საიდან ჩამოდიან შენი მშობლები?
– საქართველოდან მოდიან და ერთი სული მაქვს როდის შევხვდები, რადგან დიდი ხანია ისინი არ მინახავს.
– როგორია შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც სეზონი დასრულდა?
– სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი Excel Sports Management-თან გავაფორმე. ამის შემდეგ კი სულ ვვარჯიშობ, რომ გავხდე უკეთესი და ვითამაშო NBA-ში. მაიამიში გადავედი და იქ დღეში 3-ჯერ ვემზადები. ვფიქრობ, რომ Ecxel-ის მხრიდან კარგი ნაბიჯი იყო ჩვენს სისუსტეებზე ყურადღების გამახვილება და მათი გაუმჯობესება. დარბაზშიც და მის გარეთაც არაჩვეულებრივი მწვრთნელები გვყავს, რომლებიც გვეხმარებიან მენტალურად და ფიზიკურად განვითარებაში.
– ვინ არიან მოთამაშეები, რომლებთან ერთადაც ვარჯიშობ?
– მარკუს ზეგაროვსკისთან, ეიჯეი ოუსონთან, ტრეი მერფისთან, აიო დოსუნმოსთან, რომელო უაიტთან, ალპირენ შენგუნთან და ფილიპ პეტრუსევთან ერთად ვვარჯიშობ. ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. მე მათ როგორც ოჯახს ისე ვუყურებ, რადგან ამ ყველაფერს ერთად გავდივართ. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით განვითარებაში, რომ პარკეტზე ერთმანეთს კონკურენცია გავუწიოთ.
– რამდენად განვითარდი მას შემდეგ, რაც აქ დაიწყე ვარჯიში?
– ვგრძნობ, რომ ჩემი სროლა უფრო სტაბილური გახდა. ვფიქრობ, კარგად ვმოძრაობ. დარბაზის გარეთ ბევრს ვვარჯიშობდი, რომ დაცვაში გავძლიერებულიყავი, რასაც ბევრი ადამიანი ყურადღებას აქცევდა.
– რას ნიშნავს შენთვის Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელობა?
– სადებიუტო წელს ცოტას ვთამაშობდი, მაგრამ წუწუნის ნაცვლად, გადავწყვიტე დარბაზში უფრო დიდხანს დავრჩენილიყავი და უფრო მეტი მევარჯიშა. მწვრთნელი ჩემში დარწმუნებული იყო და მითხრა, რომ ჩემი სჯეროდა. თუ ჩემ სტატისტიკას ნახავთ ის იზრდება – 2.6 ქულა, 8.9 ქულა, 11.9 ქულა, 17.5 ქულა. ვფიქრობ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვვითარდებოდი. ჩვენ როგორც გუნდს, ასევე ინდივიდუალურადაც გვქონდა მიზანი და ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივი იყო.
– რას ფიქრობ, როგორ შეიძლება შენი თამაშის უფრო განვითარება?
– ვფიქრობ, რომ შემიძლია ვიყო ისეთი მოთამაშე, რომელსაც ფლანგებზე თამაში, სამქულიანების სროლა და მთავარი მოთამაშეების პრესინგი შეუძლია. რაც შეეხება დაცვას, ამ კუთხით ვიზრდები. მე უბრალოდ უნდა ვიპოვო ჩემი როლი გუნდში, რომ მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო.
– არის თუ არა შენთვის მოტივაცია ის, რომ ისეთ მოთამაშეებთან ერთად გიწევს ვარჯიში, რომლებიც დრაფტზე, შესაძლოა, შენამდე აირჩიონ?
– 100%. მე ძალიან კონკურენტუნარიანი ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, არც ვუყურებ რეიტინგს და არ ვიცი რომელი მოთამაშეები მისწრებენ. გავაგრძელებ ვარჯიშს, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიქნები და ყველას დავუმტკიცებ რომ იმაზე უკეთესი ვარ, ვიდრე ჰგონიათ. შესაბამისად ასეთ მოთამაშეებთან სავარჯიშოდ უფრო მონდომებული შევდივარ.
– სად ხედავ შენ ადგილს დრაფტზე?
– ვეცდები რეალობას არ მოვწყდე. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მეორე წრეში არჩევა მეკუთვნის, მაგრამ, ჩემი აზრით, სადღაც შუაში. დრაფტის სავარაუდო სიებს არ ვუყურებ. ბევრი მოთამაშე ამ რეიტინგებს უყურებს და ნერვიულობს, მე კი ეს მოტივაციას მაძლევს.
– როგორი გინდა რომ იყოს გუნდი, რომელიც აგირჩევს?
– მსურს ვიყო გუნდში, რომელიც დამიჯერებს და დამეხმარება განვითარებაში. მინდა ვიყო გუნდში, რომელსაც ესმის რა შემიძლია შევმატო მათ და დამეხმარებიან, რომ გავხდე უკეთესი.
– როგორც აღნიშნე შენი მშობლები ჩამოფრინდებიან. რა გეგმები გაქვთ დრაფტის ღამეს?
– არაფერი სერიოზული. ჩემს დეიდასთან მივალ, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს. ჩემს ოჯახს მოვინახულებ და რამდენიმე მეგობარს, რომლებიც ნიუ იორკში ცხოვრობენ. ყველანი შევიკრიბებით და დაველოდებით ზარს, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება. როგორც არ უნდა დამთავრდეს დრაფტი, ეს აღსანიშნავი იქნება, რადგან ჩემი მშობლები იქნებიან და ამ მომენტზე დიდი ხანია ვოცნებობ. ეს განსაკუთრებული ღამე იქნება.“