რატი ანდრონიკაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში პირადსარეკორდო 6 ქულა ჩააგდო. ეს მოხდა ლიგა ენდესას გასულ ტურში, რომელშიც “მურსია” სტუმრად შეხვდა “გრანადას” და დიდი სხვაობით – 67:88 წააგო.
ეს გახლდათ 22 წლის ანდრონიკაშვილი მე-4 გამოჩენა ლიგა ენდესას მატჩში. მას აქამდე სადებიუტო მატჩში 11 წუთი ჰქონდა ნათამაშები, შემდეგ კი უმნიშვნელო წამებით ორჯერ იყო მოედანზე, გრანადასთან წაგებულ მატჩში კი რატიმ 7 წუთი ითამაშა და თავი 6 ქულას მოუყარა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ანდრონიკაშვილს სხვა დადებითი სტატისტიკური მაჩვენებელი – მოხსნა, პასი, ჩაჭრა ან დაფარება არ ჰქონია.
მურსიელთაგან საუკეთესო ბომბარდირი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე, თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 27 წუთში 13 ქულა მოაგროვა.
მურსიას 9 მოგების წილ 15 მარცხი აქვს, მე-12 ადგილზეა და პლეი ოფში გამსვლელ რვეულში მოსახვედრად იბრძვის. მომდევნო მატჩი მურსიელებს 2 აპრილს “ხირონასთან” ელის.