თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გუნდების მწვრთნელებს, მენეჯერებს და წარმომადგენლებს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ახალი ხელმძღვანელი – კობა კობიაშვილი, მისი მოადგილეები – გიორგი ჯაფარიძე, ვანო ლაცაბიძე და ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი – თორნიკე გოგიჩაიშვილი შეხვდნენ.
საუბარი გაიმართა ასაკობრივი ტურნირების ჩატარებასთან დაკავშირებით. გუნდები შეთანხმდნენ დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღებზე, ასევე გათამაშების ფორმატსა და ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. მნიშვნელოვანი როლი უკავია სამედიცინო კუთხით გუნდების მზადყოფნას. მწვრთნელებმა უნდა წარმოადგინონ გუნდში მყოფი ყველა მოთამაშის ჯანმრთელობის ცნობა. საუბარი შეეხო დარბაზების აღჭურვას თანამედროვე დეფიბრილატორებით, რომლის გამოყენებაც არასამედიცინო განათლების მქონე, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
სამუშაო შეხვედრა ჩემპიონატების დაწყებამდე კიდევ გაიმართება, სადაც საბოლოოდ დაზუსტდება ტურნირებთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხები.