ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გათამაშებით დასრულდა სუპერლიგის მიმდინარე სეზონი. ბოლო ტიტულის მფლობელი თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ გახდა, რომელმაც 5 დღის წინ სეზონის უმთავრესი ჯილდო – ჩემპიონობა მოიპოვა.
როგორც წესი, სუპერთასს ერთმანეთს ჩემპიონი და თასის მფლობელი ეცილებიან და რადგან ამ სეზონში ორივე ეს ტიტული თავდაცვის სამინისტროს გუნდმა მოიგო, არმიელთა მეტოქე თასის ფინალისტი შსს გახლდათ. ამ გუნდების აქამდელი სამი შეხვედრის დროს სპორტის სასახლე პირთამდე გადავსებული იყო, თუმცა ამჯერად ტრიბუნები ბოლომდე არ შევსებულა. შსს–მ ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, თან „სოხუმთან“ საპლეიოფო სერიაში არასპორტულად მოქცეული „ძალოვანთა“ ლიდერი ბესო ლეჟავა დისკვალიცირებულია და ჩანს, დავით უსტიაშვილის გუნდს მოტივაცია ჰქონდა დაკარგული. შსს–ს ქომაგები, რომლებიც აქამდე მრავლად მოდიოდნენ ხოლმე სპორტის სასახლეში, ამჯერად არ გამოჩენილან.
მიუხედავად ამისა, შსს–მ მაინც შემართებით ითამაშა და მეორე მეოთხედის შუამდე არმიელებს გაქანების საშუალებას არ აძლევდა. დისკვალიფიცირებულ ლეჟავასთან ერთად „ძალოვნებს“ ტრავმირებული გიორგი მარკოიშვილი და ტროი კოტონი აკლდათ. ამხელა დანაკლისის გათვალისწინებით, შსს–ელებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს. მეორე მეოთხედის შუაწელში უსტიაშვილის გუნდმა 8–ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და თითქოს თამაშიც თანაბარ ბრძოლაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მიმდინარე სეზონის საუკეთესო კალათბურთელმა, კოტე ტუღუშმა შეტევაში დამაჯერებელი გარჯით არმიელებს დიდი შესვენებისთვის სოლიდური უპირატესობა დაუბევა – 48:32.
ამის შემდეგ დაიწყო შსს–ს გაითავებელი ბრძოლა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ არმიელები თამაშის ეშხში შევიდნენ. ტუღუშს მხარი დავით საყვარელიძემ, გიორგი პირველაშვილმა და გიორგი შარაბიძემ აუბეს. შედეგად, ლევან მოსეშვილის დამოძღვრილმა არმიელებმა მატჩი გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მიიყვანეს და საქართველოს თასის და ჩემპიონობის შემდეგ, სეზონის მესამე ტიტულიც – სუპერთასიც მოიგეს.
„არმიის“ 21 წლის ცენტრ გიორგი შარაბიძეს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის პრიზი გადაეცა. აღნიშნული პრიზი ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დააწესეს. მიქაძის სახელობის თასი ტრადიციულად დაწესდება და ყოველი სეზონის ბოლოს, ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდას გადაეცემა. ზვიად მიქაძის ის ლამაზი მომცრო ქანდაკება, რომელიც გიორგი შარაბიძემ ჩაიბარა, არ იქნება გარდამავალი. მას ყოველი სეზონის ბოლოს დაამზადებენ და გამარჯვებულს სამუდამო მფლობელობაში გადასცემენ.
სუპერსათასო მატჩის მესამე მეოთხედის ბოლოს დაჯილდოვდა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მწვრთნელი. აღნიშნული პრიზი დიდი ქართველი საკალათბურთო სპეციალისტის, გიორგი ავალიშვილის სახელობისა გახლდათ და იგი გამარჯვებულ არმიელთა თავკაც ლევან მოსეშვილს გიორგი ავალიშვილის შვილმა, ქალბატონმა ქეთევან ავალიშვილმა გადასცა.
“არმია” 79:63 შსს
25:18, 23:14, 12:16, 19:15
არმია: ტუღუში (25), ბოისა (6), საყვარელიძე (11), ბაბიაშვილი (2), შარაბიძე (6); ბაქრაძე (2), მინაშვილი (9), პირველაშვილი (9), ლევან მოსეშვილი (3), ათანელიშვილი (2), ათუაშვილი, ანატოლი ბერიშვილი (4)
შსს: ირაკლი ბერიშვილი (6), ნიკოლაძე (11), ლაფანაშვილი (11ქ. 12მ.), ტუჯანი-ტალბა (12), იმნაძე (12); დავით ბარბაქაძე (1), დავით დეკანოიძე (3), წივწივაძე (5), ტომარაძე (2)
კომისარი: როლანდ ხომერიკი
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი
კოტე ტუღუშს საუკეთესო მოთამაშის პრიზი მსოფლიოს ჩემპიონმა, ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა
ლევან მოსეშვილი საუკეთესო მწვრთნელის პრიზით ქეთევან ავალიშვილმა დააჯილდოვა