”ატლანტამ” რეგულარულის მომგებ ”ჩიკაგოსთან” სერია გამარჯვებით გახსნა

”ატლანტამ” რეგულარულის მომგებ ”ჩიკაგოსთან” სერია გამარჯვებით გახსნა

„ატლანტა ჰოუქსი“ აღარ ხუმრობს. მას შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულიას გუნდმა პლეი ოფის პირველი რაუნდიდან აღმოსავლეთ კონფერენციის შარშანდელი ჩემპიონი „ორლანდო“ გამოაგდო, დღეს, გამთენიისას, ნახევარფინალური სერიის გახსნითი შეხვედრა სტუმრად „ჩიკაგოს“ 103:95 მოუგო. ეს კი ის „ჩიკაგოა“, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 82 მატჩიდან 62 გამარჯვება მოიპოვა და ამ შეგეგით ნბა–ში ყველას აჯობა. ეს „ჩიკაგოა“, რომლის თავკაცი ტომ ტიბოდუ ორი დღის წინ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ახლა კი გაირკვა, რომ ნბა–ს ყველაზე პრესტიჟული პერსონალური ჯილდოც ჩიკაგოელისაა – ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზს „ბულსის“ ფეხმარდი გამთამაშებელი დერიკ როუზი მიიღებს.
 
ნბა–ში ასეა, სანამ ლიგა ოფიციალურად გამოაცხადებდეს რომელიმე კონკრეტული პრიზის მფლობელს, პრესაში თითქმის ყოველთვის ჟონავს გამარჯვებულის ვინაობა. ეს უფრო უძვირფასეს მოთამაშეს ეხება, რაც უფრო პრესტიჟულია პრიზი, მით უფრო უტყუარია წინასწარი ინფორმაცია მის მფლობელზე. რაც შეეხება ტომ დიბოდუს, მან სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი „ატლანტასთან“ სერიის გახსნითი მატჩის წინ ჩაიბარა.
 
აი, ასეთ მრისხანე გუნდს, შუაგულ ჩიკაგოში, 20 ათასამდე ჩიკაგოელის თვალწინ მოუგო „ატლანტამ“, რომელმაც რეგულარულ სეზონში 44 მოგების წილ 38 მარცხი განიცადა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–5, ხოლო სრულიად ლიგის მასშტაბით მე–13 ადგილი დაიკავა. ამ გამარჯვებით ატლანტელებმა სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს და აღმოსავლურ ფინალში გასასვლელადაც „ჩიკაგოზე“ უკეთეს სიტუაციაში არიან.
 
რაც შეეხება მატჩს, ის არ ყოფილა ისეთი დაძაბული, როგორიც წინა საპლეიოფო სერიაშ „ატლანტა“–„ორლანდოს“ ბრძოლათა უმეტესობა. მართალია, პირველ მეოთხედში მოპოვებული ათქულიანი უპირატესობა ატლანტელებმა მეორეში გაანიავეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ ქულიანი უპირატესობით (51:50) გავიდნენ, თუმცა მეორე ნახევარში შეუდარებლად ათამაშდნენ. ჯორჯიელთა ლიდერმა ჯო ჯონსონმა 34 ქულა დააგროვა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ისევე როგორც ჯამალ კრაუფორდმა – შორი სროლების დიდოსტატმა სათადარიგო მოთამაშემ.
 
ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე პლეი ოფში ყველაზე ცოტა ხანს ითამაშა, თუმც აქამდელ გამოსვლებთან შედარებით ყველაზე შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა „ორლანდოსთან“ გასულ მატჩებში 20, 23, 26 წუთიც კი დაჰყო მოედანზე, თუმცა 4 ქულაზე მეტი არ დაუგროვებია. „ჩიკაგოსთან“ დღევანდელ მატჩში კი 8 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ სროლები ასწროცენტიანი შედეგიანობით შეასრულა: 2–დან 2 საჯარიმო და 2–დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
 
სერიის მომდევნო მატჩიც ჩიკაგოში, ჩვენი დროით 5 მაისს, გამთენიისას გაიმართება.
 
სურათზე: ზაზა ფაჩულიამ და ჯოშ სმიტმა ჩიკაგოელი რონი ბრევერი გამოიმწყვდიეს
 
“ჩიკაგო”–”ატლანტა” ვიდეო–ჭრილში: http://www.nba.com/playoffs/2011/eastseries5/?ls=iref:nbahpt1