ბარსელონა და რეალი ტენერიფესთვის უხერხული მეტოქეები არიან. გიორგი შერმადინის გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა გუნდი დაამარცხა, ამ 2 გრანდის გარდა. ტრადიცია გაგრძელდა პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაშიც, რომელშიც მოედნის უპირატესობა ბარსელონას აქვს და კატალონიელებმა სერია იოლი გამარჯვებით გახსნეს – 112:69.
ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 18 წუთი ითამაშა და ამის მიზეზი ისაა, რომ მატჩის ბედი მესამე პერიოდშივე გადაწყდა და მწვრთნელს გუნდის ქართველი ლიდერი ბოლო ათწუთეულში აღარ დაუტვირთავს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მესამე ათწუთეულში კი „ბარსელონას“ კალათბურთელებმა პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით სტყორცნეს და მეოთხედი 40:18 მოიგეს. მათ საბოლოოდ 32-დან 17 სამქულიანის რეალიზება მოახერხეს.
18 წუთში შერმადინმა 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 9 ერთეული შეადგინა, ხოლო ამ მხრივ მატჩის საუკეთესო ბარსელონას ლიდერი ნიკოლა მიროტიჩი გახლდათ – 23.
ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა. შემდეგი მატჩი ტენერიფეში – 9 ივნისს გაიმართება. გათანაბრების შემთხვევაში, გადამწყვეტ შეხვედრას ბარსელონა 11 ივნისს უმასპინძლებს.